შსს რუსული თაფლით არ მომარაგდება

© photo: courtesy of Ministry of Agriculture of Georgiaთაფლი
თაფლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შესყიდვების სააგენტოს  ინფორმაციით, შპს „ვ.ტ.“-მ ვერ დააკმაყოფილა სატენდერო პირობები.

თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. კომპანია, რომელსაც რუსეთიდან შსს-ს სამსახურებისთვის თაფლი უნდა შემოეტანა, თაფლის კონსოლიდირებული ტენდერიდან მოხსნეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

„ტენდერში დაბალი ფასის შემოთავაზების მქონე კომპანიამ „ვ.ტ.“ მოქმედი კანონმდებლობისა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნის შესაბამისად წარმოადგინა ნატურალური თაფლის ნიმუში. სატენდერო კომისიამ შეაფასა წარმოდგენილი ნიმუში. კომისიის გადაწყვეტილებით, პრეტენდენტს მიენიჭა დისკვალიფიკაცია, ვინაიდან წარმოდგენილი ნიმუში არ აკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტაციითა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

თაფლი - Sputnik საქართველო
შეისყიდის თუ არა შსს რუსულ თაფლს

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ თაფლის ტენდერთან დაკავშირებით განცხადება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაავრცელა.

29 იანვარს რამდენიმე მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ  საქართველოს მთავრობა 2019 წელს 1 024 800 ლარის ღირებულების 73 200 კგ რუსულ თაფლს ყიდულობს. აქედან 25 ათას კგ-ს შსს, 14 600 კგ-ს სასაზღვრო პოლიცია, 3000 კგ-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი, 600 კგ-ს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, 30 ათას კგ-ს კი შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“ შეიძენს.

მანამდე თაფლის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებით, „საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებამ“ საქართველოს პრემიერ მამუკა ბახტაძეს, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილსა და სახელმწიფო შესყიდვების ეროვნულ სააგენტოს ღია წერილით მიმართა, რომ გამოეყენებინათ მათ   ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას აღნიშნულ შესყიდვაში  საქართველოში წარმოებული თაფლი წარმოედგინა.

„მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო შესყიდვების ეროვნულმა სააგენტომ გამოაცხადა კონსოლიდირებული ტენდერი თაფლის შესყიდვაზე. ამ ტენდერის აღნიშნული სახით მიმდინარეობამ, რაც დაკავშირებულია რუსული წარმოების თაფლის შესაძლო შესყიდვასთან, საქართველოს მეფუტკრეებში (და არა მარტო) გამოიწვია დიდი ვნებათაღელვა და ამან შესაძლოა, მიიღოს პროტესტის გამოხატვის უფრო ფართო მასშტაბები“, - ნათქვამია წერილში.

 

ყველა ახალი ამბავი
0