თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. თბილისში დაიწყო კონფერენცია სახელწოდებით „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს", რომლის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური განვითარების გზებზე იმსჯელებენ.
კონფერენციაში მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ათასზე მეტი დელეგატი, მათ შორის საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ღონისძიება გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რომელმაც თავისი გამოსვლის დიდი ნაწილი რეგიონისთვის ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის მნიშვნელობის საკითხს დაუთმო.
„ჩვენ ვართ კარიბჭე რვა ქვეყნისთვის, რომლებსაც არა აქვთ ზღვაზე გასასვლელი. შესაბამისად, ეს არის ძალიან დიდი პოტენციალი, მაგრამ ამავე დროს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ეს არის მიზეზი, თუ რატომ გავზარდეთ ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში ასე მნიშვნელოვნად ბოლო წლების განმავლობაში. ეს არის მიზეზი, თუ რატომ ვართ მოწადინებული, რომ აუცილებლად, რაც შეიძლება მოკლე დროში, გვქონდეს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, ღრმაწყლოვანი პორტი", – განაცხადა ბახტაძემ.
2018 წლის ბოლოს ბახტაძემ განაცხადა ქვეყნის მთავრობის ინიციატივის შესახებ – რომ 2019 წელს განათლებაზე დაიხარჯოს მთლიანი შიდა პროდუქტის 10-11 პროცენტი. პრემიერის თქმით, განათლება ერთადერთი წინაპირობაა ეკონომიკის განვითარებისთვის.
„ჩვენ საქართველოს ვერასდროს ჩავაყენებთ განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიგში, თუ ჩვენ, როგორც სახელმწიფო, არ განვახორციელებთ მასშტაბურ ინვესტიციებს განათლების სექტორში და ჩვენ ვერ გავხდით განათლების სექტორს დომინანტს ეკონომიკაში. როცა ამას შევძლებთ, ეს იქნება ერთადერთი ურყევი წინაპირობა იმისა, რომ საქართველო აუცილებლად ჩადგება განვითარებული ეკონომიკის ქვეყანათა რიგში", – აღნიშნა პრემიერმა.
საქართველოს ეკონომიკის განვითარების შესახებ საკუთარი ხედვა წარმოადგინა ასევე საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ. მისი თქმით, მთავრობის მიზანია სამუშაო ადგილების შექმნა და სიღარიბის დაძლევა, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალისა და უცხოური ინვესტიციების გაზრდა, რომლებიც ინოვაციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე იქნება დაფუძნებული.
ქობულიას განცხადებით, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ამჟამად ჩვენი საექსპორტო პოტენციალი და ჩვენი ექსპორტის რაოდენობა მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 40%-ს შეადგენს. იმისთვის, რომ ისეთი ქვეყნების ეკონომიკა, სადაც მოსახლეობა 10 მილიონზე ნაკლებია, სისტემატურად განვითარდეს და იყოს ძლიერი, აუცილებელია, რომ ექსპორტი მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 50% იყოს.
მაისურები, სუნამოები, ცოცხები: უცნაური და ორიგინალური ექსპორტი საქართველოდან>>
კონფერენციას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრება ევროკომისიის მობილობისა და ტრანსპორტის გენერალური დირექციის აღმასრულებელი დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი.