თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ ატმოსფერული ჰაერის დაცვის პოლიტიკის პრეზენტაცია გაიმართა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ასევე მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური სფეროს, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პრემიერ-მინისტრმა ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა. მისი განცხადებით, მთავრობის მწვანე პოლიტიკა ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი ხედვაა.
„ეს არის ცხოვრების ახალი წესი, რაც იმას გულისხმობს, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით და ვუვლით ბუნებას, ვინაწილებთ პასუხისმგებლობას და შედეგად ვიღებთ სუფთა ჰაერს, საბოლოოდ კი ჯანსაღ გარემოს, სადაც უსაფრთხოდ იცხოვრებენ მომავალი თაობები“, - განაცხადა ბახტაძემ.
პრემიერის განცხადებით, ჰაერის დაბინძურების მხრივ ყველაზე მეტი პრობლემა თბილისს აქვს, ვინაიდან დედაქალაქში მოსახლეობის და მანქანების რაოდენობა სხვა ქალაქებთან შედარებით დიდია.
ასევე, სიტყვით გამოვიდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. მან საკუთარ გამოსვლაში ატმოსფერული ჰაერის დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან მიღწევებზე ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, შეიქმნა სპეციალური პორტალი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი დაინტერესებული პირი უწყვეტად და რეალურ დროში შეძლებს მიიღოს ინფორმაცია ჰაერის ხარისხის შესახებ საქართველოს ყველა იმ ქალაქიდან, სადაც ჰაერის ხარისხზე დაკვირვება მიმდინარეობს.
სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკება ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოსთან, რომ საქართველოს ატმოსფერული ჰაერის მონაცემები ჰაერის ხარისხის ევროპულ პორტალზეც უწყვეტ რეჟიმში იყოს ხელმისაწვდომი.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიით დაბინძურება არ შეინიშნება. მისი ინფორმაციით, ჰაერში ტყვიის კონცენტრაციასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია და სპეკულაციაც ბევრი არსებობს. მინისტრის განმარტებით, გასულ წელს სპეციალისტებმა ჰაერის გამოსაკვლევად 61 სინჯი აიღეს და არცერთ მათგანში გადაჭარბებული შემცველობა არ დაფიქსირებულა.
„გვინდა საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ - საქართველოში, ატმოსფერულ ჰაერში ტყვიით დაბინძურება ნამდვილად არ შეინიშნება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა და ატმოსფერული ჰაერის პოლიტიკის მიმართულებით მიღწეული შედეგების წარდგენას ემსახურებოდა.