თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. პროკურატურამ ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ თამაზ (გეგა) გეგეშიძეს „ძალადობის" მუხლით ბრალი ოფიციალურად წარუდგინა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
მოჭიდავეთა სკანდალი: მინისტრმა პირველი განცხადება გააკეთა>>>
გეგეშიძე ევროპის ორგზის ჩემპიონის, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის ცემის საქმეზე სამშაბათს დააკავეს. ინციდენტი 11 იანვარს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალური შეხვედრისას რობერტ ქობლიაშვილსა და ზურაბ დათუნაშვილს შორის მოხდა. მას შემდეგ, რაც დათუნაშვილმა გააპროტესტა მსაჯების გადაწყვეტილება, ტრიბუნებზე დაიწყო არეულობა და ჩხუბი, რა დროსაც დათუნაშვილს წარბი გაუხეთქეს.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი წარედგინა... იგი ძალიან წუხს, რომ ფედერაციის იმიჯი ილახება. მთავარი მისთვის არის ის, რომ ნაკრები იყოს მზადყოფნაში, რათა სახელმწიფოს ბევრი წარმატება მოუტანოს", – განაცხადა გეგეშიძის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ჟურნალისტებთან.
აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო ხუთშაბათს იმსჯელებს.
გეგეშიძის დაკავების შემდეგ მოჭიდავეების ნაწილმა, მათ შორის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, გენო პეტრიაშვილმა და სხვებმა სამშაბათს პოლიციის სამმართველოსთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი გეგეშიძის გათავისუფლებას მოითხოვდნენ და პროტესტის ნიშნად ვარჯიში შეწყვიტეს.
ოთხშაბათს კი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მოჭიდავეებს ბოიკოტის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
თუ გეგეშიძეს ბრალი დაუმტკიცდება, მას ჯარიმა ან 120-დან 180 საათამდე ვადით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ან ექვს თვემდე ვადით შინაპატიმრობა ან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შსს-ს მონაცემებით, ამ დღეს მომხდარი ინციდენტის გამოძიება „ძალადობისა" და „ხულიგნობის" მუხლებით მიმდინარეობს.
გეგეშიძე ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას სათავეში 2016 წლის 18 დეკემბერს ჩაუდგა.