თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. დედაქალაქის მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 40 ოჯახს საცხოვრებელ ფართებს სიმბოლურ ფასად გადასცემს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
კალაძის განცხადებით, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოსახლეობის რაოდენობა 3 ათასს აღემატება.
„უკვე აღვნიშნეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს ადამიანები ფართებით დაკმაყოფილდნენ. სახელმწიფის ეს ვალი აღიარებული აქვს. ჩვენ ვიქნებით ქალაქის ის მთავრობა, რომელიც ამ ადამიანებს აღნიშნულ პრობლემას მოუგვარებს, რომელიც 90-იანი წლებიდან მოდის და საკმაოდ მძიმეა", - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განცხადებით, 40 ოჯახს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის მდებარე მერიის კუთვნილებაში არსებული ცალკეული ფართები პირდაპირი განკარგვის ფორმით გადაეცემა.
მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ყველაზე დაბალი სოციალური სარეინტინგო ქულების მქონე ოჯახები დაკმაყოფილდებიან.
„განვსაზღვრეთ წესი, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ადამიანების შერჩევა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ ეტაპზე, საცხოვრებელი ფართებით მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახები დაკმაყოფილდნენ. გვაქვს სრული სია და ბინების გადანაწილება ამ პრიორიტეტებით მოხდება", -აღნიშნა კალაძემ.
აღნიშნული დადგენილება დასამტკიცებლად თბილისის საკრებულოს გადაეგზავნება.
კოოპერატიული ბინათმშენებლობის პრობლემა გასული საუკუნის ბოლოდან არსებობს: მოსახლეობის ნაწილმა თანხები სახელმწიფო ბანკებში შეიტანა, სახელმწიფომ კი, თავის მხრივ, მათი ბინებით უზრუნველყოფის ვალდებულება აიღო. ბინების უმრავლესობა ვერ დასრულდა, ნაწილის მშენებლობა კი საერთოდ არ დაწყებულა.
1998 წელს ედუარდ შევარდნაძის მთავრობამ მოსახლეობის მიერ გადახდილი თანხა სახელმწიფო ვალად აღიარა და ფინანსთა სამინისტროს ვალის გადახდის წესის შემუშავება დაავალა.
2009 წლიდან ვალის გადახდა თბილისის მერიას დაევალა, რაც ვალზე უარის თქმის სანაცვლოდ დაზარალებულთათვის მიწის ნაკვეთების სიმბოლურ ფასად გადაცემას ითვალისწინებდა. ამ განკარგულების შემდეგ დაზარალებულთა გარკვეულ ნაწილს ნაკვეთები სიმბოლურ ფასად გადაეცათ. თუმცა, 2010 წელს დაზარალებულთათვის ნაკვეთების გადაცემის პროცესი შეჩერდა.
2016 წელს, მთავრობის განკარგულების თანახმად, კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოშობილი ვალდებულების მოგვარება კვლავ თბილისის მერიას დაევალა. განკარგულების მიხედვით, მერიამ დაზარალებულთა მხრიდან ვალზე უარის თქმის სანაცვლოდ, უძრავი ქონების გადაცემა მათთვის სიმბოლურ ფასად უნდა უზრუნველყოს.
როგორც გასულ წელს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირება მომდევნო სამი-ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდება და ყველა დაზარალებული ბინით დაკმაყოფილდება.