თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. იტალიის ქალაქ ნეაპოლში საქართველოს მოქალაქე თამარ მოდებაძე გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
ქალი სამდღიანი ძებნის შემდეგ მეგობრის სახლში იპოვეს გარდაცვლილი. ცხედარს წამების კვალი ემჩნევა. მას დაზიანებები აქვს ხელებისა და კისრის არეში.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქემ მოკლა.
გარდაცვლილის ახლობლების განცხადებით, ქალი ჯერ აწამეს და შემდეგ მოკლეს. მან, სავარაუდოდ, მკვლელის სახლში ნახატი მიიტანა, დაკარგულია თანხა და საბუთები.
„ქალი იყო ნაწამები და დაზიანებები ჰქონდა ტანზე და ხელებზე. ის ქალი მუშაობდა ერთ-ერთ ოჯახში და კვირა საღამოს რომ არ დაბრუნდა, ოჯახმა მოიკითხა. ნეაპოლში არ ცხოვრობდა, სტუმრად იყო მისული, ვისთვისაც ნახატი უნდა მიეტანა. ვისთანაც სტუმრად იყო, ისაა ეჭვმიტანილი", – აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი.
იტალიაში მცხოვრები ქართველების ინფორმაციით, სავარაუდოდ, მკვლელმა იტალია უკვე დატოვა და ის საქართველოშია.
საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ემიგრანტი შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს. მისი ინფორმაციით, თამარ მოდებაძე მხატვარი იყო და მისი ნამუშევრები ევროპის მუზეუმებშია გამოფენილი. იგი შეკვეთებს იღებდა საბერძნეთისა და იტალიის გალერეებიდან.