აუცრელ სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებსა და ბაღის აღსაზრდელებს, შესაძლოა, სტატუსი შეუჩერდეთ

© photo: Sputnik / Maksim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშივაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამედიცინო დაწესებულებები აცრის სტატუსის თაობაზე წერილობით ინფორმაციას უსასყიდლოდ გასცემენ.

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარები საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საბავშვო ბაღებში ორი თვის ვადაში აცრის დამადასტურებელ ცნობას არ წარადგენენ, შესაძლოა, მათ სტატუსი შეუჩერდეთ, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემულ განკარგულებაში.

რომელ სამედიცინო დაწესებულებებში ტარდება უფასოდ წითელას ვაქცინაცია>>>

წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ შესაბამისი განკარგულება 2019 წლის 18 იანვარს გამოსცა.

ბოლო პერიოდში საქართველოში წითელას ვირუსის შემთხვევებმა მნიშვნელოვნად მოიმატა, კერძოდ, ბოლო სამ კვირაში წითელას ვირუსით დაავადების 357 შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველოში არსებული დღევანდელი მდგომარეობა უკიდურესად საყურადღებოა და მას შეიძლება წითელას ეპიდაფეთქება ეწოდოს.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს დაევალათ ადრეული და სკოლამდელი აღზრდის, ასევე ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არასრულად აცრილი, ან აუცრელი პირების გამოვლენა და ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრებისთვის.

„ინფორმაციის მიწოდებიდან ორი თვის ვადაში ბენეფიციარების მხრიდან აცრის დამადასტურებელი ცნობის წარუდგენლობის შემთხვევაში განიხილონ სტატუსის შეჩერების საკითხი", – აღნიშნულია განკარგულებაში.

ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
„აცრა აუცილებელია": მერის მეუღლე მოსახლეობას აცრებისკენ მოუწოდებს

ამავე განკარგულების მიხედვით, სამედიცინო დაწესებულებები აცრის სტატუსის თაობაზე წერილობით ინფორმაციას უსასყიდლოდ გასცემენ.

წითელას ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოში ყველა მოქალაქისთვის წითელას ვაქცინაცია უფასო გახდა. აქამდე წითელას ვაქცინაცია ბავშვებისა და 20-დან 40 წლამდე ასაკის პირებისთვის ფინანსდებოდა.

წითელას აცრა, ეროვნული კალენდრის მიხედვით, სავალდებულო ვაქცინაციის სიაშია შეტანილი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, საქართველო ევროპის იმ ქვეყნების სიაშია, სადაც წითელას ინფექციური დაავადება ყველაზე მეტადაა გავრცელებული.

წითელა მწვავე ინფექციური, ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ტემპერატურის აწევა, ინტოქსიკაცია, ზემო სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსის ანთება, ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი. წითელას ვირუსი ორგანიზმის გარეთ მალე იღუპება, ამიტომ ჯანმრთელს ეს ინფექცია გადაეცემა მხოლოდ ავადმყოფისგან ჰაერწვეთოვანი გზით. ძირითადად ავადდებიან 1-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვები. მისი მოხდის შემდეგ კი რჩება მყარი იმუნიტეტი. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 12-23 დღე. წითელას გართულება ფილტვების ანთებას, პნევმონიასა და შუა ყურის ანთებას იწვევს.

 

ყველა ახალი ამბავი
0