თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ქვეყანაში წითელას ვირუსის ეპიდემიურ აფეთქებასთან დაკავშირებით „გორმედის" სამედიცინო ქსელი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ბოლო პერიოდში საქართველოში წითელას ვირუსის შემთხვევებმა მნიშვნელოვნად მოიმატა, კერძოდ, ბოლო სამ კვირაში წითელას ვირუსით დაავადების 357 შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველოში არსებული დღევანდელი მდგომარეობა უკიდურესად საყურადღებოა და მას წითელას ეპიდაფეთქება ეწოდება.
„გორმედის" ექიმების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შიდა ქართლში ამ მხრივ ვითარება სტაბილურია, კლინიკამ 22:00 საათამდე გაზარდა ვაქცინაციის მსურველთა მიღების დრო, რაც ხელს შეუწყობს იმას, რომ თავიდან აიცილონ წითელას მასიური გავრცელება.
წითელას ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოში ყველა მოქალაქისთვის წითელას ვაქცინაცია უფასო გახდა. აქამდე წითელას ვაქცინაცია ბავშვებისა და 20-დან 40 წლამდე ასაკის პირებისთვის ფინანსდებოდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, საქართველო ევროპის იმ ქვეყნების სიაშია, სადაც წითელას ინფექციური დაავადება ყველაზე მეტადაა გავრცელებული.
წითელა მწვავე ინფექციური, ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ტემპერატურის აწევა, ინტოქსიკაცია, ზემო სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსის ანთება, ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი. წითელას ვირუსი ორგანიზმის გარეთ მალე იღუპება, ამიტომ ჯანმრთელს ეს ინფექცია გადაეცემა მხოლოდ ავადმყოფისგან ჰაერწვეთოვანი გზით. ძირითადად ავადდებიან 1-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვები. მისი მოხდის შემდეგ კი რჩება მყარი იმუნიტეტი. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 12-23 დღე. წითელას გართულება ფილტვების ანთებას, პნევმონიასა და შუა ყურის ანთებას იწვევს.