რომელ სამედიცინო დაწესებულებებში ტარდება უფასოდ წითელას ვაქცინაცია

© photo: Sputnik / Nikolai Khizhnyak / გადასვლა მედიაბანკშივაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, თუ 20-დან 40 წლამდე ასაკის პირს არ ახსოვს, აქვს თუ არა ჩატარებული გეგმიური ვაქცინაცია, აუცილებელია, გაიკეთოს დამატებითი ვაქცინაცია.

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებები შაბათ-კვირას მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფენ მოქალაქეების მომსახურებას წითელას უფასო ვაქცინაციასთან დაკავშირებით, იუწყება პირველი არხი.

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს მოუწოდებს, მოსახლეობას უფასო ვაქცინაციასთან დაკავშირებით არ შეუქმნან ბარიერები, რათა რისკჯგუფში შემავალ პირებს აცრა მაქსიმალურად სწრაფად ჩაუტარდეს.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
წითელას ეპიდემია ქუთაისში

„წითელას აცრებთან დაკავშირებით შაბათ-კვირას, როგორც დედაქალაქში, ასევე რაიონებში იმუშავებენ სამედიცინო დაწესებულებები. აცრების ჩატარება მნიშვნელოვანია ყველა იმ ადამიანისთვის, რომელმაც რაიმე მიზეზის გამო თავის დროზე ვერ ჩაიტარა ვაქცინაცია. ეს არის ეფექტური, მძლავრი ნაბიჯი იმისთვის, რომ წითელას ეპიდაფეთქება, რომელიც ახლა გვაქვს, შევაჩეროთ დროულად დანაკარგების გარეშე“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, თუ 20-დან 40 წლამდე ასაკის პირს არ ახსოვს, აქვს თუ არა ჩატარებული გეგმიური ვაქცინაცია, აუცილებელია, გაიკეთოს დამატებითი ვაქცინაცია.

ამ დრომდე, წითელას ვაქცინაცია ბავშვებისა და 20-დან 40 წლამდე ასაკის პირებისთვის ფინანსდებოდა, ახლა კი ყველა ჯგუფისთვის უფასოა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აცრა წარმოებს ჯანმოს მიერ პრეკვალიფიცირებული, უმაღლესი ხარისხის სამკომპონენტიანი წითელა-წითურა-ყბაყურას ​ვაქცინებით, რომლებიც წარმოებულია ბელგიასა და აშშ-ში კომპანიების – „გლაქსო სმიტკლაინისა“ და „მერკის“ მიერ.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: საქართველოში წითელას სერიოზული ეპიდაფეთქება გვაქვს

წითელაზე აცრის ჩატარება შესაძლებელია პირველადი ჯანდაცვის ყველა დაწესებულებაში. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს დამატებით იმ სამედიცინო დაწესებულებების მისამართებს, რომლებსაც აცრის გაკეთების მსურველებმა უნდა მიმართონ. უფასო აცრები 40 სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, საქართველო ევროპის იმ ქვეყნების სიაშია, სადაც წითელას ინფექციური დაავადება ყველაზე მეტადაა გავრცელებული.

წითელა მწვავე ინფექციური, ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ტემპერატურის აწევა, ინტოქსიკაცია, ზემო სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსის ანთება, ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი. წითელას ვირუსი ორგანიზმის გარეთ მალე იღუპება, ამიტომ ჯანმრთელს ეს ინფექცია გადაეცემა მხოლოდ ავადმყოფისგან ჰაერწვეთოვანი გზით. ძირითადად ავადდებიან 1-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვები. მისი მოხდის შემდეგ კი რჩება მყარი იმუნიტეტი. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 12-23 დღე. წითელას გართულება ფილტვების ანთებას, პნევმონიასა და შუა ყურის ანთებას იწვევს.

 

ყველა ახალი ამბავი
0