გამყრელიძე: საქართველოში წითელას სერიოზული ეპიდაფეთქება გვაქვს

© photo: Sputnik / Nikolai Khizhnyak / გადასვლა მედიაბანკშივაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. საქართველოში წითელას ვირუსის შემთხვევებმა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად მოიმატა, იუწყება ტელეკომპანია Imedi დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებაზე დაყრდნობით.

საქართველოში 10 დღეში წითელათი დაავადების 60-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა>>>

გამყრელიძის განცხადებით, 1 იანვრიდან დღემდე ქვეყანაში ინფექციის 312 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაზრდილია.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
WHO: ევროპის ქვეყნებს შორის საქართველოში წითელა ყველაზე მეტადაა გავრცელებული

„წითელასთან დაკავშირებით მივმართავ მოსახლეობას – წლის პირველი ორი კვირის განმავლობაში სერიოზულად იმატებს წითელას რაოდენობა. 1 იანვრიდან სულ 312 შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან 2000-2200 შემთხვევა იყო. სამწუხაროდ, სამი გარდაცვალებით დასრულდა. წითელა არ არის სახუმარო დაავადება, ის სერიოზულ გართულებებს იწვევს და შეიძლება მოჰყვეს ფატალური შედეგი", – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მიმართავს და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

„წითელა მხოლოდ იმუნიზაციას ემორჩილება. წითელა ემართებათ იმ ადამიანებს, ვისაც არ გადაუტანია ეს დაავადება ან არ გაუკეთებია აცრა. აცრის ან დაავადების გადატანის შემდეგ რჩება მყარი იმუნიტეტი და დიდი ალბათობით 97-98 პროცენტს წითელა მეორედ არ ემართება", – განმარტა ცენტრის დირექტორმა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წითელათი დაავადებულთა შორის ძირითადად ბავშვები და 15-დან 40 წლამდე ასაკის ადამიანები არიან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, საქართველო ევროპის იმ ქვეყნების სიაშია, სადაც წითელას ინფექციური დაავადება ყველაზე მეტადაა გავრცელებული.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
საქართველოში ბავშვების ვაქცინაცია სავალდებულო გახდა

წითელათი ინფიცირების რისკ-ჯგუფში 40 წლამდე ასაკის ყველა მოქალაქე შედის, ვისაც ინფექციის საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული არ აქვს.

საქართველოში წითელაზე აცრა 40 წლამდე მოქალაქეებისთვის უფასოა. რაც შეეხება 40 წელს ზემოთ პირებს, მათთვის ვაქცინაცია იმ შემთხვევაშია უფასო, თუ მათ დაავადებულ ადამიანთან უშუალო კონტაქტი ჰქონდათ.

წითელა მწვავე ინფექციური, ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ტემპერატურის აწევა, ინტოქსიკაცია, ზემო სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსის ანთება, ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი. წითელას ვირუსი ორგანიზმის გარეთ მალე იღუპება, ამიტომ ჯანმრთელს ეს ინფექცია გადაეცემა მხოლოდ ავადმყოფისგან ჰაერწვეთოვანი გზით. ძირითადად ავადდებიან 1-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვები. მისი მოხდის შემდეგ კი რჩება მყარი იმუნიტეტი. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 12-23 დღე. წითელას გართულება ფილტვების ანთებას, პნევმონიასა და შუა ყურის ანთებას იწვევს.

 

ყველა ახალი ამბავი
0