აფეთქება დიღომში: „ყაზტრანსგაზის“ დაკავებულ თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათ

გამოწერა
დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის – ოთხი წლის ბავშვი, დაშავდა 8 ადამიანი

თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე აფეთქების საქმეზე დაკავებულ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“  თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

16 იანვარს დიდ დიღომში აფეთქება მოხდა. შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის – ოთხი წლის ბავშვი. საავადმყოფოებში მოათავსეს 8 დაშავებული – უმეტესობა ბავშვი.

ანთებული სანთლები - Sputnik საქართველო
პატრიარქმა დიდ დიღომში აფეთქებისას დაღუპულებისთვის სამოქალაქო პანაშვიდი გადაიხადა

ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა, თუმცა ადგილზე მისულმა გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებმა ვერანაირი ხარვეზი ვერ აღმოაჩინეს. აფეთქება შემოწმების დასრულებიდან რამდენიმე საათში მოხდა.

გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა მიიღო.

პროკურორი ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. დაცვის მხარე კი ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა, კერძოდ, მამადიანისთვის 50-ათასიან, ტატიშვილისთვის კი 10 ათას ლარიანი გირაოს ოდენობით.

ბრალდებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და წარდგენილ ბრალს, სამსახურებრივ გულგრილობას არ ეთანხმებიან. ვაზელ მამადიანის განცხადებით, როდესაც საცხოვრებელ კორპუსში გამოძახებაზე მივიდა, ადგილზე გაზის სუნი არ იყო.

„ლიფტის შახტაც ვნახე და ყველა სართული ვნახე. არ იყო სუნი. აპარატიც ჩავრთე ამ სადარბაზოში. მრიცხველსაც დავაკვირდი და როდესაც გაჟონვაა, სწრაფად ბრუნავს ხოლმე. იქ ასე არ იყო. მრიცხველი სწრაფად არ ბრუნავდა. შემდეგ გარეთ შევამოწმე, გარედან ხომ არ შედიოდა გაზი. ჩემს დროს იქ სუნი არ იყო. ლიფტი, ჩვენ რომ მივედით, არ მუშაობდა, მაგრამ გავაღეთ შახტა და შევამოწმეთ. არ აჩვენა აპარატმა და არც სუნი იდგა“, - განაცხადა ბრალდებულმა მამადიანმა.

ეჭვმიტანილი ხელბორკილებში - Sputnik საქართველო
შსს: „ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებმა კორპუსში გაზგაყვანილობა არაჯეროვნად შეამოწმეს

ბრალდებულების თქმით, კორპუსის შემოწმება 20-30 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა

ტატიშვილსა და მამადიანს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. დაკავებულებს ბრალი წარედგინათ სსკ-ის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი). აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 5 წლამდე.

წინასასამართლო სხდომა 14 მარტს ჩაინიშნა.

დაკავებული პირების ადვოკატები მოსამართლის მიერ მიღებულ განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ყველა ახალი ამბავი
0