„ყაზტრანსგაზ–თბილისი": დეტექტორმა გაზის გაჟონვა არ დააფიქსირა

© Sputnik / Levan Avlabreli„ყაზტრანსგაზ-თბილისი"
„ყაზტრანსგაზ-თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის – ოთხი წლის ბავშვი, დაშავდა ათამდე ადამიანი.

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. კომპანია „ყაზტრანსგაზ–თბილისი" 16 იანვარს დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ადასტურებს, რომ 16 იანვრის დილით გაზის სუნზე შეტყობინება ორჯერ შევიდა, აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში.

აფეთქება დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე 16 იანვარს, საღამოს ახლად აშენებული კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის – ოთხი წლის ბავშვი. საავადმყოფოებში მოათავსეს ათამდე დაშავებული – უმეტესობა ბავშვი. მათი უმრავლესობა ამ დროისთვის უკვე გაწერილია.

საცხოვრებელი კორპუსი დიღომში, რომელშიც აფეთქება მოხდა - Sputnik საქართველო
კახა კალაძე: გაზი, წყალი და ელექტრომომარაგება კორპუსის ექსპლუატაციასთან კავშირში არ არის

დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა, თუმცა ადგილზე მისულმა გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებმა ვერანაირი ხარვეზი ვერ აღმოაჩინეს.

„ყაზტრანსგაზის" ცნობით, 16 იანვარს შპს „ყაზტრანსგაზ–თბილისის" ცხელ ხაზზე ავთანდილის ქ.N8-ში მდებარე კორპუსის სადარბაზოში გაზის სუნის შესახებ შეტყობინება ორჯერ შევიდა, თუმცა მათმა ჯგუფმა ადგილზე გაზის გაჟონვა ვერ დააფიქსირა.

კომპანიის განცხადებით, საავარიო სამსახურის მხრიდან შეტყობინებებზე განხორციელდა შესაბამისი რეაგირება სპეციალური აღჭურვილობით, კვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტების მიერ. საავარიო სამსახურის ჯგუფი გამოცხადდა აღნიშნულ მისამართზე და მოქალაქეების თანდასწრებით შეამოწმა შეტყობინებაში მითითებული ადგილები, ასევე ლიფტის შახტი და კორპუსის მიმდებარედ არსებული ჭები.

„აღნიშნული ადგილები შემოწმდა ბუნებრივი გაზის კონცენტრაციის დამდგენი სპეციალური აპარატით GASURVEYOR 3-500-ით. დეტექტორმა გაზის გაჟონვა არ დააფიქსირა", – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე, კომპანიის განცხადებით, შემოწმების შედეგების შესახებ „ყაზტრანსგაზ–თბილისის" სპეციალისტებმა შეადგინეს შემოწმების აქტი, რომელიც დამოწმებულია საავარიო ჯგუფის წარმომადგენლებისა და კონკრეტული განმცხადებლის ხელმოწერით.

აფეთქება დიდ დიღომში - Sputnik საქართველო
პოლიციამ სამშენებლო კომპანიისა და „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები დაკითხა

„იმავე დღის 20:33 საათზე საპატრულო ეკიპაჟმა გადმოგვცა ინფორმაცია აღნიშნულ კორპუსში აფეთქების თაობაზე. კომპანიის წარმომადგენლების ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ აფეთქება მოხდა სავარაუდოდ მე-6 სართულზე მდებარე №49 ბინაში. აღსანიშნავია, რომ კორპუსის რამდენიმე ბინაში (მათ შორის, აფეთქებული ბინის მეზობელთან) დამონტაჟებული ბუნებრივი გაზის გაჟონვის დეტექტორები დენის წყაროდან გამორთული იყო", – ნათქვამია განცხადებაში.

„ყაზტრანსგაზის" განცხადებით, აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე მათთვის უცნობია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. დამნაშავეებს 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

შპს „ყაზტრანსგაზ–თბილისის" განცხადებით, მომხდარი უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან.

ყველა ახალი ამბავი
0