თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. დედაქალაქის მასშტაბით შესაძლოა, ათი ათასობით ადამიანი ცხოვრობდეს ისეთ საცხოვრებელ კორპუსებში, რომლებიც ექსპლუატაციაში არ არის მიღებული, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დიდ დიღომში გუშინ მომხდარი აფეთქებაზე საუბრისას.
აფეთქება დიდ დიღომში, ავთანდილისა და ვეფხისტყაოსნის ქუჩის კვეთაზე გუშინ საღამოს, ახლად აშენებული კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის – ოთხი წლის ბავშვი. საავადმყოფოებში მოათავსეს ათამდე დაშავებული – უმეტესობა ბავშვი.
„კონკრეტულად გაზი, წყალი და ელექტრომომარაგება ექსპლუატაციასთან კავშირში არ არის. ექსპლუატაციაში მიღება ხდება იმის საფუძველზე, რომ მშენებელმა უნდა წარმოადგინოს ნებართვა, რომელიც ჰქონდა აღებული, თუ არის თანხვედრაში იმ ნებართვასთან, რომელიც იყო არქიტექტურის სამსახურიდან გაცემული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
რაც შეეხება კონკრეტულად იმ კორპუსს, რომელშიც გუშინ აფეთქება მოხდა, კახა კალაძის თქმით, სამშენებლო კომპანიას მერიაში წარმოდგენილი ჰქონდა დოკუმენტაცია ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით.
„დაუდგინდა მცირე ხარვეზები. ეს ხარვეზები გამოსწორებული აქვს და უახლოეს დღეებში შენობა-ნაგებობა შევიდოდა ექსპლუატაციაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საცხოვრებელი კორპუსი, რომელშიც გუშინ საღამოს აფეთქება მოხდა, სამშენებლო კომპანია „ელ ჯგუფმა“ ააშენა.
სამშენებლო კომპანია „ელ ჯგუფი“ დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობას კომპანია „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლებს აკისრებს.
აფეთქების მიზეზი, წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.
ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა, თუმცა, ადგილზე მისულმა გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებმა ვერ აღმოაჩინეს ვერანაირი ხარვეზი. აფეთქება შემოწმების დასრულებიდან რამდენიმე საათში მოხდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. დამნაშავეებს 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს სამშენებლო კომპანიისა და „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წარმომადგენლები.