თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ დიდ დიღომში აფეთქების საქმეზე ორი ადამიანია დაკავებული.
16 იანვარს დიდ დიღომში აფეთქება მოხდა. შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის – ოთხი წლის ბავშვი. საავადმყოფოებში მოათავსეს ათამდე დაშავებული – უმეტესობა ბავშვი.
„მე მაშინვე დავავალე სამართალდამცველებს, რომ უმოკლეს ვადებში ჩაეტარებინათ საგამოძიებო მოქმედებები და გამოევლინათ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი. რამდენიმე წუთის წინ მაცნობეს, რომ დაკავებულია ორი პირი. გამოძიება გრძელდება", – განაცხადა ბახტაძემ.
დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა, თუმცა ადგილზე მისულმა გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებმა ვერანაირი ხარვეზი ვერ აღმოაჩინეს.
გამოძიების ფარგლებში დაკითხეს „ყაზტრანსგაზისა" და სამშენებლო კომპანია L Group-ის (რომელმაც ეს კორპუსი ააშენა) თანამშრომლები. ამ სახლში მოსახლეობა წლის ბოლოს შევიდა, თუმცა ის ექსპლუატაციაში ჯერ ჩაბარებული არ არის.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. დამნაშავეებს 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.