თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. ოზურგეთში მგლების მიერ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაგლეჯვის ფაქტები გახშირდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
ადგილობრივმა მოსახლეობამ მგლებისგან თავდასაცავად მონადირეების ჯგუფიც კი შექმნა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მორიგეობს.
ადგილობრივების ცნობით, მგლებმა პირუტყვი უკვე რამდენიმე ოჯახში დაგლიჯეს.
„ეზოებში გვყავს გაშვებული საქონელი და გვეშინია, ბავშვებსაც ვერ ვუშვებთ საღამოობით და მეზობელი მეზობელთან ვერ გადადის, გზაზე დადიან - ისეა უკვე“, - აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები ომარ სამსონია.
მონადირეებმა დღეს ერთი მტაცებელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიმითში მოკლეს.
„მოსახლეობას აწუხებდა მგლები, წამოვედით და ვინადირეთ, ერთი გაგვექცა და ერთი მოვკალით. ბევრი ხალხია დაზარალებული“, - განაცხადა მონადირეთა ჯგუფის წევრმა მერაბ მაჭარაშვილმა.
ტელეკომპანიის ცნობით, ეს წელს მონადირეების მიერ მოკლული მეოთხე მტაცებელია.