ჯუბას თქმით, მაკეტების შექმნის პროცესი სავსეა პატარ-პატარა, თუმცა ძალიან საინტერესო დეტალებით, რომელთა შესახებაც ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის.
სულ ახლახან ჯუბამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მისთვის ყველაზე ძვირფას ნაკეთობას, რობოტ „ჩაპის“ ყიდის, თანხას კი ქველმოქმედებას მოახმარს. რატომ გადაწყვიტა „ჩაპის“ გაყიდვა, ამის შესახებ ის თავად მოგიყვებათ.
- წარმოშობით სტეფანწმინდიდან ვარ. ყაზბეგში დავამთავრე გიმნაზია. ამის შემდეგ ჩავაბარე ტექნიკურ უნივერსიტეტში და თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად. ახლა მეოთხე კურსზე ვსწავლობ და წინ დიდი გეგმები მაქვს.
- როდის დაიწყეთ მაკეტების დამზადება?
- მამაჩემს აინტერესებდა ეს სფერო და აკეთებდა ხოლმე მაკეტებს. მეც დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი. მაშინ ასეთი რაღაცეები ძალიან უცხო იყო ჩემთვის. 13-14 წლის ვიქნებოდი, მეც დავიწყე მარტივი მაკეტების გაკეთება. ერთ დღესაც, სოფელში ჩემთან მოვიდა ერთი ბიჭი და მთხოვა მისთვის გამეკეთებინა შენობის მაკეტი. რა თქმა უნდა, სრულიად უსასყიდლოდ გავუკეთე და ძალიან მოეწონა. ამის შემდეგ მივხვდი, რომ შემეძლო ჩემი გატაცება შემოსავლის წყაროდ მექცია და ჩემი ფული მქონოდა. Facebook-ზე გავაკეთე გვერდი და დავიწყე მუშაობა. უკვე ოთხი წელია, რაც პროფესიულ დონეზე ვმუშაობ და ვაკეთებ მაკეტებს.
- რა მასალას იყენებთ მაკეტების შესაქმნელად?
- მაკეტებს მუყაოსგან ვაკეთებ. შემდეგ პრინტერზე იბეჭდება ტექსტურა და ვაკრავ მუყაოზე. ისეთი ვიზუალური ეფექტი აქვს, რომ ნამდვილთან მიახლოებულს ჰგავს. შემდეგ გავიგე, რომ არსებოს მასალა, რომელსაც „პევეხა“ ქვია. გერმანიიდან ჩამოაქვთ და მაღალი ხარისხის მასალაა. უკვე ამ მასალით ვმუშაობ. ისევე როგორც ყველა სფეროში, აქაც საჭიროა ხანგრძლივი სწავლა, ახლის ძიება, განვითარება. მეც სულ სიახლეების ძიებაში ვარ და ვვითარდები.
- ვინ არიან ადამიანები, ვინც თქვენი მომსახურებით სარგებლობენ?
- ძირითადად კომპანიები, თუმცა კერძო პირებიც მაძლევენ დაკვეთას. ერთხელ შეყვარებული წყვილი მოვიდა. სახლს აშენებდნენ, მომიტანეს პროექტი და სწორედ იმ სახლის მაკეტი გავუკეთე. ერთ ბავშვს დავუმზადე რობოტი სახელად ვოლი.
საქართველოში რამდენიმე უცხოური კომპანიაა, რომლსაც ქართული წარმომადგენლობა ჰყავს და მსგავს ნაწარმს ამზადებს. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, უშუალოდ ქართველები არ მუშაობენ ამ საქმეზე.
- დამხმარე გყავთ?
- ძალიან რთული სამუშაოა. პატარა დეტალებთან გიწევს შეხება, ეს კი ბევრი დეტალის გათვალისწინებას და დაკვირვებას მოითხოვს. ზოგჯერ ჩემი მეგობარი მეხმარება ხოლმე, მაგრამ ძირითადად მაინც მე ვაკეთებ.
- სულ ცოტა ხნის წინ პოსტი გამოაქვეყნეთ სოციალური ქსელში, სადაც წერდით, რომ ქველმოქმედების მიზნით ყიდდით თქვენს ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას ნამუშევარს...
- ალბათ ბევრს გახსოვთ უსაყვარლესი ნიკოლოზ ჭიჭიკოშვილი, რომლის ვიდეომ ყველას გაუთბო გული. Facebook-ზე ვნახე ინფორმაცია, რომ ნიკოლოზს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და თირკმლის გადანერგვა სჭირდება. იმ მომენტში თანხა არ მქონდა და გადავწყვიტე ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ნაკეთობა, რობოტი „ჩაპი“ გამეყიდა და შემოსული თანხით ნიკოლოზს დავხმარებოდი. რამდენიმე ადამიანი გამომეხმაურა და გადავწყვიტე იმისთვის მიმეყიდა, ვინც ყველაზე მეტს გადაიხდიდა.
ორი დღე გავაჩერე ნივთი და შემდეგ დავუკავშირდი იმ ადამიანს, ვინც ყველაზე მეტ თანხას იხდიდა. თუმცა პასუხი არ მომწერა. შემდეგ დანარჩენებს მივწერე, მაგრამ არც ისინი გამომეხმაურნენ. სამწუხაროდ, რობოტი არ გაიყიდა, მაგრამ ისევ მიდევს ინტერნეტში, იმედი მაქვს გამოჩნდება ადამიანი, ვინც იყიდის და თანხას ნიკოლოზს ჩავურიცხავთ. სამწუხაროდ, ჩემს ინიციატივას ბევრი უარყოფითად გამოეხმაურა. წერდნენ, რომ თანხა ჩემთვის მინდოდა და არა ქველმოქმედებისთვის, რომ ამით მხოლოდ პიარს ვიკეთებდი და სხვა არაფერი. თუმცა არც გამკვირვებია, ეს ხომ საქართველოში ჩვეულებრივი მოვლენაა. მე საერთოდ არ ვიცნობ ამ ბავშვს, არც მის ოჯახს, უბრალოდ გამიჩნდა დახმარების სურვილი და ვცდილობ ისე დავეხმარო, როგორც შემიძლია.
სხვათა შორის, ჩემს ინიციატივას სხვებიც შემოუერთდნენ და ჩემი პოსტის კომენტარებში სხვადასხვა ნივთები დადეს გასაყიდად, რათა პატარა ნიკოლოზს დაეხმარონ.
- რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
- ახლა რამდენიმე შეკვეთაზე ვმუშაობ. სამომავლოდ ვფიქრობ, რომ რამდენიმე ადამიანი დავასაქმო და უფრო აქტიურად ვიმუშაო.