არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტის პაატა ბაირახტარის თქმით, როდესაც საუბარია ისეთ სექტორზე, რომელიც წლების მანძილზე ჩამორჩენილი იყო, 7,5%-იანი ზრდა არ არის ცუდი მაჩვენებელი, თუმცა საკმარისიც არ არის, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ სოფლის მეურნეობის წასახალისებლად სახელმწიფო არა ერთ პროექტს ახორციელებს.
„ფაქტია, რომ დარგში პრობლემები ისევ არის და სახელმწიფოს მხრიდან არსებული წახალისება არ არის საკმარისი, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული“, - განუცხადა პაატა ბაირახტარმა „Sputnik-საქართველოს“.
ეკონომისტის აზრით, დარგის განვითარებაზე გავლენას პირველ რიგში ინვესტორი ახდენს. მას შემოაქვს ახალი ტექნოლოგიები, ხედვები, რაც თავის მხრივ იწვევს ბაზრის გაჯანსაღებას. ამიტომ ქვეყანას სჭირდება უფრო მეტი ინვესტიცია, რათა ეს დარგი უფრო მეტად გაიმართოს წელში.
„როდესაც ჩვენ ინვესტიციები სოფლის მეურნეობის მიმართულებით პრაქტიკულად არ გვაქვს, რასაკვირველია, სექტორის გაჯანსაღებაზე ვერ ვისაუბრებდით. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ახორციელებს გარკვეულ პროგრამებს, მაგრამ ეს არ არის იმდენად ეფექტური, რომ საერთო ჯამში დარგის განვითარებაზე იმოქმედოს“, - აღნიშნა პაატა ბაირახტარმა.
მისი თქმით, მსოფლიოს ნებისმიერ ეკონომიკას გააჩნია დაბალ ინტერესიანი საინვესტიციო დარგები. სახელმწიფოს ამოცანა კი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი დაბალ ლიკვიდური დარგების მიმართ შეიმუშაოს ისეთი სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც ინვესტორს მოიზიდავს.
„ინვესტორი არის ბიზნესმენი, რომლის ამოცანაც მოკლე დროში მაღალი მოგების მიღებაა, აქედან გამომდინარე აკეთებს ის აქცენტს ისეთ დარგებზე, რომელიც მას სასურველ შედეგს მისცემს. როდესაც ჩვენ გვაქვს მიმზიდველი და ნაკლებ მიმზიდველი დარგები თანაბარი პირობებით, რა თქმა უნდა ინვესტორი მომგებიანს აირჩევს“, - განაცხადა ბაირატხარმა.
მისი თქმით, ამიტომაც უჭირს სოფლის მეურნეობას სხვა დარგებთან კონკურენცია.
რაც შეეხება სასოფლო სამეურნეო მიწების უცხოელებისთვის მიყიდვის აკრძალვას, პაატა ბაირახტარი არ იზიარებს გავრცელებულ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც ამ გარემოებამ აგრობიზნესზე ნეგატიური გავლენა იქონია.
საქართველოს პარლამენტმა მორატორიუმი გასული წლის ივნისში გამოაცხადა. ცვლილებები შევიდა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მფლობელობის შესახებ" კანონში, რომელსაც განახლებული კონსტიტუციის ძალაში სრულად შესვლამდე უნდა ემოქმედა, რომლის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე მიყიდვა იკრძალება.
„სოფლის მეურნეობა არც ამ მორატორიუმამდე იყო კარგ მდგომარეობაში“, - აღნიშნა პაატა ბაირახტარმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აგრობიზნესის მთლიანი გამოშვებიდან, პირველადი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება 99,6 მლნ ლარით (9.5%) გაიზარდა, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის გამოშვება კი 86,2 მლნ ლარით (6.1%).