თბილისი, 7 იანვარი - Sputnik. თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში 25 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, ფილტვების ანთებით გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
არსებული ინფორმაციით, პაციენტი ოჯახის წევრებმა რუსთავიდან თბილისში 29 დეკემბერს გადმოიყვანეს. ისინი ექიმებს არასათანადო მკურნალობის ჩატარებაში ადანაშაულებენ.
„დღეს მეუბნება ექიმი, რომ მე ვერაფერს ვშველი, ღვიძლი დაშლილი აქვს, თირკმელი აღარ მუშაობსო. ოთხი დღე სიცხე ჰქონდა და სიცხის დამწევი პრეპარატები არ გაუკეთეს იმისთვის, რომ სიცხე დაწეოდა“, - განაცხადა პაციენტის მამამ გია ჩილაშვილმა.
იყო თუ არა გარდაცვალების მიზეზი ე.წ. ღორის გრიპი (H1N1), ამას ექსპერტიზა დაადგენს.
თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში კი ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებას არ ადასტურებენ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი გაიზარდა და 100 ათას მოსახლეზე ვირუსით 276 ადამიანია დაავადებული, ეპიდემიად მიიჩნევა, როდესაც 100 ათას ადამიანზე დაავადებულთა რიცხვი 450-500 დაავადებულს აღწევს. საქართველოში გრიპის ვირუსს ბოლო ორ თვეში რვა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.