თბილისი, 7 იანვარი - Sputnik. სამართალდამცველებმა ექიმზე თავდასხმის ბრალდებით 25 წლის მამაკაცი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
შემთხვევა 5 იანვარს დიღომში, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკურ საავადმყოფოში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტი თავის ძლიერ ტკივილს უჩიოდა და ექიმისგან ნარკოტიკული საშუალება მოითხოვა. უარის მიღების შემდეგ კი მან მედიკოსს სცემა.
ექიმს მიღებული ტრავმების გამო გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა და ახლა სტაციონარში მკურნალობს.
უწყების ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს. ამ დროისთვის ბრალდებული საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას, რომელსაც ბადრაგი იცავს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით.