თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მიცვალებულები აერიათ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საქასრიას რწმუნებულის, ზურაბ ბარბაქაძის განცხადებით, საავადმყოფოს მედპერსონალმა საქასრიაში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს შეცდომით სხვა მიცვალებულის ცხედარი გაატანა.
მისივე ინფორმაციით, შეცდომის შესახებ ოჯახისთვის რამდენიმე დღის შემდეგ გახდა ცნობილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ორივე გარდაცვლილი ქალი იყო.
„83 წლის ქალი ანგელინა ბარბაქაძე ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს რეგიონულ ჰოსპიტალში 31 დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახმა მიცვალებული წამოიყვანა და 3 იანვარს დაკრძალა. ანგელინა ბარბაქაძის ჭირისუფალმა, რომელსაც ასევე შეცდომით გაატანეს სხვა მიცვალებული, საქასრიაში მცხოვრებ ოჯახს დღეს მიაკითხა და ანგელინა ბარბაქაძის ამოსვენება მოითხოვა. ამის შემდეგ მიცვალებულები გაცვალეს“, - განაცხადა ზურაბ ბარბაქაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახს საკუთარი მიცვალებული სახეზე შესიებული მოეჩვენა, თუმცა მიიჩნიეს, რომ ეს ავადმყოფობის გამო იყო და ამიტომ ეჭვი არ შეუტანიათ, რომ სხვა ადამიანი დაკრძალეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფაქტები საქართველოში ადრეც მოხდა. აქედან ორი შემთხვევა 2018 და 2017 წლებში იანვრის პირველ რიცხვებში ქუთაისში და გურჯაანში მოხდა.