კარელიის პატარა სოფელ კალევალაში დღემდე დგას ფიჭვი, რომელთანაც ჩაიწერა ლეგენდარული ეპოსი - ტოლკინის შთაგონების წყარო ტრილოგიისთვის.
კარელიელები მცირერიცხოვანი ერია. მაგრამ თუ ფიქრობთ, რომ მათ არასდროს შეხვედრიხართ და არაფერი იცით ამ ხალხის შესახებ, ძალიან ცდებით. სწორედ კარელიელების სრულიად განსხვავებული, ეგზოტიკური ეპოსი იქცა ტოლკინის შთაგონების წყაროდ „ბეჭდების მბრძანებლის“ გადასაღებად. გარდა ამისა, ამ საიდუმლოებით მოცულმა ეთნოსმა, რომელიც ორი ცივილიზაციის გასაყარზე უხსოვარი დროიდან ცხოვრობს, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთისა და სკანდინავიის ისტორიაში.
„ბეჭდების მბრძანებლის“ პირველსახეები
„კორელიელებზე“ პირველი წერილობითი ცნობები დაცულია XI საუკუნის ხელნაწერში, რომელიც ნოვგოროდში არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს. თუმცა სკანდინავიელებისთვის კარელიელების შესახებ ადრევე იყო ცნობილი და მათი განსახლების ადგილებად მოიხსენიებდნენ „კარელიის ყურეებს“ ან ლაგოდის ტბის შხერებს. სწორედ აქ, ონეგისა და ლაგოდის ტბებს შორის, მიწის ვიწრო ზოლზე, ცხოვრობდნენ კარელიელები.
არეულობის შემდეგ კარელიის ყელი შვედეთის გავლენის ქვეშ მოექცა. კარელიელების ნაწილი საცხოვრებლად ფინეთში დარჩა და მათთან ასიმილაცია განიცადა. მაგრამ ბევრი ამ რეალობას ვერ შეურიგდა:
„კარელიელები მართლმადიდებლები იყვნენ და მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთი ლაგოდისპირეთი შვედეთს დარჩა, მათ ლუთერანელებთან ერთად ცხოვრება არ მოინდომეს და რუსეთისკენ დაიძრნენ. ადგილი დაცარიელდა, კარელიელების ნაწილი ტვერის ოლქში დასახლდა და მოგვიანებით ჩამოაყალიბა სუბეთნოსი - „ტვერის კარელიელები“. სხვათა შორის, ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ისინი უნდა იყვნენ რუსეთის დღევანდელი პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინაპრები“, - ამბობს პეტროზავოდსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი ალექსანდრ პაშკოვი.
კარელიელების კიდევ ერთი ნაწილი თეთრი ზღვის სანაპიროზე დასახლდა. სწორედ ამ მიდამოებში მცხოვრებმა ხალხმა შეასრულა უდიდესი როლი მსოფლიო კულტურაში. დღეს ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ იცნობს ტოლკინის ტრილოგია „ბეჭდების მბრძანებელს“. სახელგანთქმული ეპიკური ნაწარმოები „კალევალა“ ფინელმა ეთნოგრაფმა ელიას ლენროტმა კარელიის სოფლებში ჩაიწერა, სადაც მკვიდრ მოსახლეობას ზეპირი გადმოცემით ჰქონდა შემონახული ფინელ-უგორიელების ძველისძველი ეპოსი. სოფელ კალევალაში დღემდე დგას ლენროტის ცნობილი ფიჭვი, რომლის ძირშიც ისმენდა და იწერდა ძველ საგებს ეთნოგრაფი.
კარელიასა და ფინეთში
ამჟამად კარელიელები რუსეთსა და ფინეთში სახლობენ. 2010 წლის აღწერის შედეგად რუსეთში დაახლოებით 60 000 კარელიელია. კარელიური ენა ჯერ კიდევ ახსოვს და საუბარიც შეუძლია დაახლოებით 5000 ადამიანს.
„საბედნიეროდ, ფინეთშიც არის კარელია, სადაც ჩემი შეგნებული ცხოვრების დიდი ნაწილი გავატარე. ფინელი კარელიელები ხალისიანი და გულღია ადამიანები არიან, დასავლეთის ფინელები კი - სწორედ ის ფინელები რუსული ანეკდოტებიდან, უჟმურები და სიტყვაძვირები“, - ამბობს მწერალი არვი პერტუ, რომელიც 90-იანებში პეტროზავოდსკიდან ფინეთში გადასახლდა.
რეპი კარელიურად
კარელიელების მცირერიცხოვნობა სულაც არ ნიშნავს, რომ მათ ახლო მომავალში გადაშენება ემუქრებათ. ახალი თაობა ცდილობს გლობალიზააციის პირობებში ადგილის დამკვიდრებას და სულ უფრო ხშირად მიმართავს მზერას წარსულისკენ, თავისი ფესვებისკენ, ისწრაფვის „კარელიელების“ თვითიდენტიფიკაციისკენ და ცდილობს ენისა და ტრადიციების პოპულარიზაციას. იხსნება კარელიური ენის შემსწავლელი კურსები; რეგიონში მასკულტურის პოპულარული პერსონაჟია კარელიელი თოვლის ბაბუა - უწვერულვაშო და ახალგაზრდა პაკაინე. 2016 წელს კარელიაში პირველად ჩაიწერა რეპის ალბომი კარელიურ ენაზე. მისი ავტორი მუსიკოსი და მსახიობი Ondrei (ანდრეი გორშკოვი) თავის იდეას ასე განმარტავს:
„კარელიურენოვანი რეპის მთავარი მიზანი ენის შენარჩუნება და განვითარებაა. ამ მაგალითით მინდა ვაჩვენო, რომ კარელიურ ენაზე საუბრობენ არა მხოლოდ ბებიები და ბაბუები, არამედ მასზე რეპის წაკითხვაც შესაძლებელია.
კარელიური ენის განვითარება და შენარჩუნება შეიძლება გახდეს რუსეთის კარელიის ეკონომიკური განვითარების ფაქტორიც, ფიქრობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მკვიდრი მოსახლეობის უფლებათა საექსპერტო მექანიზმის წევრი ალექსეი ციკარევი:
„პროექტი ბევრია, მაგრამ ყველაზე საინტერესო, ჩემი აზრით, არის პროექტები, რომლებიც ახალგაზრდებთან მუშაობას ითვალისწინებს. მაგალითად, უკვე მესამე წელია, რეგიონში მიმდინარეობს კარელიური „ქალაქობანას“ - „Kyykkä“ თამაშების - პოპულარიზაცია. ჩვენი გუნდები უკვე მონაწილეობენ ტურნირებში, ტარდება კარელიურ-ფინური შეხვედრები „Kyykkä“ თამაშებში. მეორე საინტერესო პროექტი - ძველ კარელიურ სოფელ ვედლოზეროში ორენოვანი გარემოს შექმნაა. ყველა აბრა გადათარგმნილია კარელიურ ენაზე. ადგილობრივ სავაჭრო ობიექტებთან შეთანხმებულია წარწერების გაკეთება ორ ენაზე, ხოლო მათთვის, ვინც გამყიდველებს კარელიურ ენაზე გაესაუბრება, გათვალისწინებულია ბონუსები ან ფასდაკლებები. რუსეთი რეგიონების უნიკალურობითაა ძლიერი და ჩვენ არ გვაქვს უფლება, ეს უნიკალურობა დავკარგოთ“, - დარწმუნებულია ციკარევი.