თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. თბილისის დამწვრობის ცენტრში პიროტექნიკის არასწორად გამოყენების შედეგად დაშავებული ხუთი პაციენტი შევიდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელ გუგა ქაშიბაძეზე დაყრდნობით.
სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტები, რომლებიც 9-12 წლამდე ბავშვები არიან, დღეს დილით შეიყვანეს. დაშავებულებს ამბულატორიული მკურნალობა ჩაუტარდათ და კლინიკიდან გაწერეს.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ახალი წლის დღეებში ცენტრს დაახლოებით 40-მა პაციენტმა მიმართა. კლინიკაში რჩება რვა წლის ბიჭი, რომელსაც სახის სერიოზული დამწვრობა აღენიშნება.
პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად სხეულის დაზიანებები დაფიქსირდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში – ქუთაისში ბოლო დღეებში 11 ადამიანი დაშავდა, რუსთავში დაშავებული 4 ადამიანიდან ორი 2 მცირეწლოვანი ბავშვია. 10-მდე ადამიანი დაშავდა ახალი წლის ღამეს ბათუმშიც.
წინასაახალწლოდ ე.წ. ხლაპუშკების თემა, როგორც წესი, ძალიან მტკივნეული ხდება. უკვე წლებია, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად უბედური შემთხვევების რიცხვი იზრდება. ამ პერიოდში ქართული ბაზარი სავსეა უამრავი სახეობის პიროტექნიკით, მისი რეალიზაციის პროცესს კი არავინ აკონტროლებს.
საქართველოში მალე არასრულწლოვნებზე პიროტექნიკის მიყიდვა აიკრძალება. კანონპროექტის თანახმად, კომპანია 200 ლარით, ფიზიკური პირი კი 100 ლარით დაჯარიმდება. თუ წლის განმავლობაში კონკრეტული კომპანია კანონს ხელმეორედ დაარღვევს, ამ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 400 ლარამდე გაიზრდება, ფიზიკური პირის შემთხვევაში კი – 200 ლარამდე.
2018 წლის იანვარში პიროტექნიკის შედეგად მიყენებული სხვადასხვა დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებებში 44 ადამიანი მოხვდა, მათ შორის 24 არასრულწლოვანი იყო.