თბილისი, 2 იანვარი – Sputnik. საქართველოში ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას ხურდის დამრგვალების მეთოდი პირველი იანვრიდან ამოქმედდა, ანუ, ანგარიშსწორების 1 თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპი „დამრგვალების მეთოდით“ შეიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ახალი წესის თანახმად, ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას ერთ და ორ თეთრზე დასრულებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნულამდე, სამ და ოთხ თეთრზე დასრულებული კი ხუთამდე. იმავე კანონზომიერებით მრგვალდება ექვს, შვიდ, რვა და ცხრა თეთრზე დასრულებული გადასახდელი თანხა.
„დამრგვალების პრინციპი ვრცელდება მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორების პროცესში, როგორც ერთეული პროდუქტის შეძენისა და მომსახურების გაწევის შემთხვევაში, ისე რამდენიმე პროდუქტის ან მომსახურების საერთო ჯამურ ღირებულებაზე“, – განმარტავს საქართველოს ეროვნული ბანკი.
უნაღდო ანგარიშსწორებისას დამრგვალების მეთოდის გამოყენების საჭიროება არ არსებობს, ვინაიდან, უნაღდო ანგარიშსწორების განხორციელება ერთი თეთრის სიზუსტით არის შესაძლებელი.
ამასთან, იგეგმება 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევიდან ამოღება. მონეტების მიმოქცევაში საგადამხდელო საშუალებად გამოყენების ვადა განისაზღვრა 2020 წლის ბოლომდე. 2021 წლის პირველი იანვრიდან ერთი წლის განმავლობაში კი აღნიშნული ნომინალის მონეტების გამოცვლა განხორციელდება კომერციული ბანკებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით. 2022 წლის პირველი იანვრიდან – მხოლოდ ეროვნული ბანკის მეშვეობით.
ეროვნული ბანკის ცნობით, ერთ და ორთეთრიანი მონეტების დამზადება და შენახვა მათ მსყიდველობით ღირებულებაზე ძვირი ჯდება, ხოლო პრაქტიკამ აჩვენა, რომ მოსახლეობა ამ მონეტებს თთქმის არ იყენებს.