თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. 24 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოდან მანდარინის ექსპორტმა 23,72 ათასი ტონა შეადგინა, მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტმა 18,250 ტონა შეადგინა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით.
ყველაზე მეტი ციტრუსი გავიდა რუსეთში (15,24 ათასი ტონა), უკრაინაში (5,3 ათასი ტონა) და სომხეთში (2,6 ათასი ტონა). ციტრუსი რუსულ ბაზარზე როგორც მიმდინარე, ისე გასულ სეზონზე შედის როგორც სახმელეთო ("ზემო ლარსის" სასაზღვრო-გამშვები პუნქტი), ისე საზღვაო (ბათუმის პორტიდან ნოვოროსიისკში) გზით.
ერთი კილოგრამი მანდარინის საბითუმო ფასი 0,4-დან 0,7 ლარამდეა.
წინა წლების მსგავსად მიმდინარე სეზონზეც სახელმწიფო ფერმერებს დახმარებას გაუწევს — არასტანდარტულ მანდარინზე სახელმწიფო სუბსიდია გამოიყოფა. კომპანიებს, რომლებიც სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ 1 კგ მანდარინს არანაკლებ 20 თეთრად შეისყიდიან, თითოეულ კილოგრამ მანდარინზე სახელმწიფო სუბსიდიის სახით 10 თეთრს აუნაზღაურებს.
წინა წლის სეზონზე საქართველოდან სულ დაახლოებით 23,6 ათასი ტონა ციტრუსის ექსპორტი განხორციელდა. მანდარინის ექსპორტი ხორციელდება უკრაინაში, სომხეთში, ყაზახეთში, ბელარუსში, აზერბაიჯანში, უზბეკეთში, ლიეტუვაში, პოლონეთსა და ყატარში.