თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. სოფელ წავკისში ორი ადამიანის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ სამი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ინციდენტი წავკისი-ტაბახმელას გზაზე 22 დეკემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე დაიწყო ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შემდეგ. მხარეებმა ავარიის შესახებ პოლიციას არ შეატყობინეს და ზარალის ანაზღაურების საკითხის მოგვარების მიზნით მეორე დღეს, 23 დეკემბერს შეხვედრა გადაწყვიტეს. შეხვედრა წავკისში შედგა.
ამ შეხვედრისას მხარეებმა შეთანხმება ვერ შეძლეს, რის ნიადაგზეც მათ შორის ჩხუბი დაიწყო. დანით შეიარაღებულმა ორმა პირმა მეორე მხარის ოთხი ახალგაზრდა დაჭრა. დაჭრილებიდან ორი – 28 და 25 წლის ახალგაზრდები სამედიცინო დახმარების აღმოჩენამდე დაიღუპნენ.
მეორე დღეს ერთ-ერთი ბრალდებული და თვითმხილველი საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით ქვეყნის დატოვებას და თურქეთში მიმალვას შეეცადნენ, მაგრამ პოლიციამ ისინი დააკავა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით – დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე.
მკვლელობისთვის დაკავებულებს 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ, ხოლო თვითმხილველს – ექვსი თვიდან 2 წლამდე ვადით შინაპატიმრობა ან 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა.