იმნაძე: გრიპის ვირუსის გავრცელებამ პიკს მიაღწია

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალისტი მოუწოდებს მოსახლეობას - პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე ოჯახის ექიმს მიმართონ

თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. საქართველო გრიპის ვირუსის გავრცელების პიკზეა, განუცხადა ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ.

გასულ წელთან შედარებით, კლინიკებში მიმართვიანობა ორჯერ გაიზარდა. იმნაძის თქმით, იანვრის პირველ კვირაში ვირუსის გავრცელების ინტენსივობა შემცირდება, ხოლო შემთხვევების ზრდის მეორე ტალღა შესაძლოა თებერვალში დაფიქსირდეს. ამჟამად 100 ათას ადამიანზე 221 დაავადებულია. ეპიდემიად მიიჩნევა, როდესაც 100 000 ადამიანზე დაავადებულთა რიცხვი 450-500 დაავადებულს აღწევს.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ქუთაისში H1N1 ვირუსით ახალნამშობიარები ქალი გარდაიცვალა

„დღეს ვისაც გრიპი აქვს, ეს არის H1N1 ვირუსი აბსოლუტურ უმრავლესობაში, ცოტა, მაგრამ არის H3N2 გრიპის ვირუსი, თუმცა არ გამქრალა სხვა ვირუსებიც, ისინი ცირკულირებენ. ეპიდემიამდე მისულნი არ ვართ მაგრამ, ეს არავის შეღავათს არ აძლევს, ვინც უკვე ავად არის. ბევრმა უკვე გადაიტანა. ვირუსს ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს კლინიკურად“, - განაცხადა იმნაძემ.

იმნაძემ ასევე აღნიშნა, რომ გრიპის ყველა ვირუსი ერთნაირია, მაგრამ H6 ტიპის ვირუსი, რომელიც ცნობილია როგორც „ქათმის გრიპი“, უფრო მძიმე ფორმით მიმდინარეობს. მოცემული ვირუსი კი შედარებით ახალია. საქართველოში ვრცელდება 2009 წლიდან, ამიტომ ბევრს მის შესახებ არ გაუგია. სწორედ ამის გამო დაავადება შედარებით მძიმე ფორმით შეიძლება მიმდინარეობდეს.

„გარდაცვალების ერთი შემთხვევა უკვე აღრიცხულია, მაგრამ იმავე დროს, ათასობით ადამიანმა ეს ვირუსი დიდი პრობლემების გარეშე უკვე გადაიტანა. სტატისტიკა დგება სამედიცინო დაწესებულებების დატვირთვის მიხედვით. რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებს არ მიმართავენ. ასევე, მომატებულია ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები“, – განაცხადა პაატა იმნაძემ და აღნიშნა, რომ გართულება შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა ვირუსმა, იმანაც კი, რომელიც გრიპის ვირუსი სულაც არ არის.

საქართველოში სასწრაფო დახმარების გამოძახებების რიცხვმა პიკს მიაღწია >>

თბილისში სასწრაფო დახმარებას გრიპის გახშირებული შემთხვევების გამო რეგიონებთან შედარებით უფრო ხშირად იძახებენ. მაღალი ტემპერატურის დროს, რომელიც H1N1-სთვის არის დამახასიათებელი, იმნაძე ურჩევს მოსახლეობას მიმართონ ოჯახის ექიმს, რადგან სამედიცინო დახმარების თანამშრომლების მოვალეობა მკურნალის ექიმის სამუშაოსგან განსხვავდება. სწორედ მკურნალმა ექიმმა უნდა გასაზღვროს დაავადების სიმძიმე და ჩართოს ვირუსსაწინააღმდეგო პრეპარატები, და არა ანტიბიოტიკები.

„ანტიბიოტიკი ვირუსზე არ მოქმედებს, პირიქით, ორგანიზმს აზიანებს. არსებობს ანტივირუსული საშუალებები, რომელთა გამოყენება გრიპის შემთხვევაში შეიძლება, თუ ვირუსი პაციენტის ორგანიზმში მძიმე ფორმით მიმდინარეობს”, – განაცხადა იმნაძემ.

გრიპის ვირუსი იწყება ტემპერატურის მოულოდნელი მატებით - 38,5, 39,5 და 40 გრადუსით, მას ახლავს ყელისა და თავის ძლიერი ტკივილი, ხველა, კუნთებისა და სახსრების ტკივილები. დაავადების პერიოდი 7 დღეს მოიცავს.

თერმომეტრი - Sputnik საქართველო
გრიპი საქართველოში: ვირუსის რომელი ტიპია გავრცელებული ქვეყანაში

„ავადმყოფი ადამიანი პირველ რიგში უნდა იყოს სახლში, არ უნდა დადიოდეს სამსახურში, სკოლაში, ბაღში. უმჯობესია წოლითი რეჟიმი, რათა ორგანიზმს მივცეთ საშუალება ებრძოლოს ვირუსს, ნუ გადავტვირთავთ ორგანიზმს. მივიღოთ, ჩვეულებრივზე რაც შეიძლება მეტი სითხე“, - განაცხადა იმნაძემ.

იმ შემთხვევაში, თუ ტემპერატურა 38,5-ს გადასცდება, აუცილებელია სიცხის დამწევის გამოყენება, ძირითად პარაცეტამოლის ჯგუფის. იმნაძემ ასევე აღნიშნა, რომ თუ ბავშვს 38,5-ზე მეტი სიცხე ერთი დღის განმავლობაში აქვს, ის აუცილებლად უნდა ნახოს ექიმმა. თუ მოზრდილს აქვს მაღალი ტემპერატურა 3 დღის განმავლობაში, იმანაც უნდა მიმართოს ექიმს, აცხადებს პაატა იმნაძე.

საქართველოში გრიპის ვირუსით უკვე ორი ქალი გარდაიცვალა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებების რაოდენობამ პიკს მიაღწია, რაც ვირუსების გავრცელებით აიხსნება.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი საგანგებო განცხადებას ავრცელებს >>

H1N1 – А ვირუსის ქვეტიპია (გრიპის ყველაზე გავრცელებული ტიპია, რომელიც ყველაზე მასშტაბურ ეპიდემიებს იწვევს).

ყველა ახალი ამბავი
0