თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე სამი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულები სოციალურად დაუცველთა და სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის ნასამართლევი პირების სახელზე არეგისტრირებინებდნენ საწარმოებს და მათი საშუალებით, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ახორციელებდნენ ჯართის ფიქტიურ შესყიდვებს და გაწერებს. ამ დროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდებოდა დამატებული ღირებულების გადასახადის უკანონო ჩათვლების მიღება.
უწყების ცნობით, უკანონოდ ჩათვლილი დამატებული ღირებულების გადასახადის ოდენობამ 1 604 523 ლარი შეადგინა.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.