თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ბიზნესმენისთვის დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, იტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.
როგორც გამოძიებით დადგინა, ბრალდებული ახალციხეში ბიზნესმენ მ.მ.-ს უგზავნიდა მუქარის შემცველ წერილებს და მისგან ცდილობდა 50 000 ლარის გამოძალვას.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული წარსულში ბიზნესმენთან მძღოლად მუშაობდა, ფლობდა ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციას და ბიზნესმენს ახლობლების სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვას გულისხმობს და ისჯება 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.