თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. სამუშაო ადგილზე მიმდინარე წელს 39 ადამიანი დაიღუპა, 37 კი მძიმედ დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
შრომის უსაფრთხოების პრობლემა საქართველოში მწვავედ დგას. სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების შედეგად გასულ წელს დაიღუპა 41 და მძიმედ დაშავდა 66 ადამიანი.
როგორც საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების 2018 წლის ანგარიშშია აღნიშნული, შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევისა და კონტროლის გარეშე დარჩენილი ბიზნესის შედეგი იყო ტყიბულის შახტებში წლის განმავლობაში ორჯერ მომხდარი უბედური შემთხვევა, რასაც 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საქართველოს პარლამენტმა მარტის დასაწყისში დაამტკიცა კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც 1 აგვისტოდან ამოქმედდა. შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობა ითვალისწინებს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დადგენას, ასევე კონტროლის სისტემის შექმნას, რათა სამუშაო ადგილზე თითოეული ადამიანი უსაფრთხოდ იმყოფებოდეს. კანონი ასევე ითვალისწინებს ჯარიმას შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევაში.
ამას გარდა, დამსაქმებლები 2019 წლის 1 იანვრიდან ვალდებული იქნებიან თავიანთი თანამშრომლები უბედურ შემთხვევებზე დააზღვიონ.