თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. მოძველებული გაზსადენების სარემონტო სამუშაოები ხორციელდება მუდმივად, განაცხადა კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის" სპეციალურმა მმართველმა გიგლა თამაზაშვილმა ბრიფინგზე.
როგორც თამაზაშვილმა აღნიშნა, თუ გაზსადენს ექსპლუატაციის ვადა გასდის, კომპანია მის რეაბილიტაციას იწყებს.
„თბილისში ქსელი გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენდა, თუმცა მე არ შემიძლია თქმა, რომ იგი საშიშია, რადგან „ყაზტრანსგაზ-თბილისი" სისტემატურად ახორციელებს ქსელის რეაბილიტაციას. მაგალითად, ამჟამად მიმდინარეობს ერთ-ერთი ყველაზე მოძველებული ქსელის სრული რეაბილიტაცია, რომელიც ნაძალადევის რაიონში მდებარეობს. იგი იწყება ურიდიას ქუჩიდან, დაახლოებით კინოთეატრ „საქართველომდე", ეს ძალზე დიდი ტერიტორიაა", – განაცხადა თამაზაშვილმა.
მისი სიტყვებით, 2018 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და კომპანიას 2019 წლისთვის ახალი ხედვები და ბიზნეს-გეგმა აქვს, რათა უფრო მეტი ქსელის გარემონტება მოხდეს.
თამაზაშვილმა მოსახლეობას მოუწოდა, გაითვალისწინონ „ყაზტრანსგაზის" რჩევები და კომპანიის სპეციალისტების რეკომენდაციები. მისი განცხადებით, კომპანიის თანამშრომლები თბილისში მუდმივად ამოწმებენ ოჯახებში დამონტაჟებულ მოწყობილობებს. როგორც მან აღნიშნა, სპეციალურმა კამპანიამ, რომელსაც კომპანია მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით აწარმოებს, პირველი შედეგი მოიტანა, რაც სტატისტიკურ მაჩვენებელზე აისახა.
მაგალითად, 2016 წელს ბუნებრივი აირით 125 ადამიანი მოიწამლა, დაიღუპა 29. 2017 წელს 53 ადამიანი მოიწამლა, დაიღუპა 22. მიმდინარე წელს კი 16 მოიწამლა, რომელთაგან 13 დაიღუპა.
კომპანიის წარმომადგენლები ყველა ოჯახში მისვლას და თითოეული მოქალაქისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას გეგმავენ, აღნიშნა თამაზაშვილმა.
თბილისელებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ 24-საათიან რეჟიმში მიმართონ კომპანიას ნომერზე 240 0404 ან დარეკონ 112-ის „ცხელ ხაზზე". კომპანიის თანამშრომლები დაუყოვნებლივ გავლენ ადგილზე, შეამოწმებენ და აუცილებელ რეკომენდაციებს გასცემენ.