თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით მოქალაქეს ქრთამის სახით 2 ათასი აშშ დოლარი მოსთხოვა, საიდანაც წინასწარ 1 ათასი აშშ დოლარი აიღო. სანაცვლოდ კი მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით გასხვისებასთან დაკავშირებულ პროცედურებში დახმარება შესთავაზა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.