„სააფთიაქო ნარკომანია": რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე დააკავეს

© Pixabay / paologhediniპოლიცია დამნაშავეს აკავებს
პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისსა და გორში მდებარე აფთიაქებში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიასთან" ბრძოლის ფარგლებში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნუგზარ ჯ. დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჯანდაცვის სამინისტრო: სააფთიაქო ნარკომანია მნიშვნელოვანი გამოწვევაა>>>

როგორც გამოძიებით დადგინდა, თბილისსა და გორში მდებარე აფთიაქებში რეცეპტის გარეშე ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია.

„აღნიშნული აფთიაქების დირექტორები და ფაქტობრივი მფლობელები მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით უნებართვოდ და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, შესაბამისი რეცეპტის გარეშე ახდენდნენ ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას, რითიც დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ", – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, აფთიაქების ხელმძღვანელები 2017-2018 წლებში წამლების უკანონო რეალიზაციას ახდენდნენ, რაშიც მათ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე მფარველობდა, რომელიც აღნიშნული საქმის ფარგლებში ხუთ ადამიანთან ერთად ჯერ კიდევ სექტემბერში „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა" და „უკანონო სამეწარმეო საქმიანობის" მუხლებით დააკავეს.

გათავისუფლება - Sputnik საქართველო
„სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დაკავებული ჯანდაცვის სამინისტროს ჩინოსანი თავისუფალია

რაც შეეხება ნუგზარ ჯ.-ს, სწორედ ის იყო თვალავაძესა და აფთიაქების მფლობელებს შორის შუამავალი. ისინი ნუგზარ ჯ.-ს უხდიდნენ თანხას, რომელსაც იგი, თავის მხრივ, თვალავაძეს გადასცემდა.

დაკავებულთა მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში 4 მილიონ ლარს გადააჭარბა.

მთლიანობაში „სააფთიაქო ნარკომანიასთან" ბრძოლის ფარგლებში 21 პირია დაკავებული.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და ჯგუფურად ჩადენილი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე მიმდინარეობს, რაც 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0