თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. პოლიციამ სასამართლოს უპატივცემულობისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოში 19 წლის ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ ერთი პირი დააკავა, ნათქვამია საქართველოს შსს-ს განცხადებაში.
შსს-ს ყოფილი თანამშრომლების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ მსჯავრდებულ პირთა ნათესავებმა და ახლობლებმა ხმაური ატეხეს.
ახალი დეტალები ბუტა რობაქიძის საქმეში - ყოფილი მაღალჩინოსნის აღიარება >>
გამოძიების მონაცემებით, დაკავებულმა პროკურორ დავით ნეფარიძეს სანთებელა ესროლა, რომელიც მას შუბლის არეში მოხვდა. მანდატურებმა ხულიგანი სასამართლოს ეზოში დააკავეს, ხოლო პოლიციელებმა ის უახლოეს განყოფილებაში გადაიყვანეს.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა), რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
ამირან რობაქიძე საპატრულო პოლიციამ 2004 წლის ნოემბერში, მიხეილ სააკაშვილი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წელს მოკლა. ახალგაზრდის მკვლელობამ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია, ოპოზიციამ ეს საქმე „ხელისუფლების მიერ ფალსიფიცირებულ საქმეთა" რიცხვს მიაკუთვნა.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წელს საქმის განხილვა განახლდა. პროკურატურამ დაადგინა, რომ საქმის მასალები გაყალბებული იყო და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო დააპატიმრეს შსს-ს რამდენიმე თანამშრომელი. ყველა მათგანი დამნაშავედ ცნეს და სხვადასხვა პატიმრობის ვადა მიუსაჯეს.