თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. მოქალაქეებს გამარტივებული წესით მიწების დარეგისტრირება 2019 წლის 1 იანვრის ნაცვლად 1 ივლისამდე შეეძლებათ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობით, რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივების მიზეზი მაღალი მიმართვიანობაა. ყოველდღიურად საჯარო რეესტრს 2000-მდე დაინტერესებული პირი მიმართავს, ბოლო მონაცემებით, საჯარო რეესტრის ვებგვერდზე ნახევარ მილიონამდე მიწის ნაკვეთია რეგისტრირებული.
საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციისთვის მოქალაქეებმა მხოლოდ განცხადება და აზომვითი ნახაზი უნდა წარადგინონ, სხვა ყველა უფლების წარმდგენ დოკუმენტს ადმინისტრაციული ორგანო მოიძიებს.
საქართველოში მიწის რეგისტრაციის რეფორმა, რომელიც გულისხმობს გამარტივებული წესით საკუთრების უფლების რეგისტრაციას, წახალისებას საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დარეგისტრირების მიზნით 2016 წლის პირველი ივლისიდან მიმდინარეობს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის დავით დევიძის განცხადებით. ამ რეფორმის ძირითადი შედეგები და ამოცანები იყო, რომ მოეხსნა პრობლემები, ბარიერები მოსახლეობისთვის, მათ შორის ფინანსური, ბიუროკრატიული, რომ მათ შეძლებოდათ მარტივი პროცედურების დაცვით საჯარო რეესტრში დაერეგისტრირებინათ საკუთრების უფლება.
მისივე განმარტებით, რეფორმის ფარგლებში, საჯარო რეესტრი გახდა ვალდებული, თვითონ მოიძიოს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, უფასოდ მოემსახუროს მოქალაქეს, შეაგროვოს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოში არსებული დოკუმენტები, გამოითხოვოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტებიდან და მიიყვანოს პროცესი საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე.