თბილისი, 18 დეკემბერი - Sputnik. კულტურის საერთაშორისო ფესტივალი „ევროპალია“, რომელიც ბელგიაში ყოველ ორ წელიწადში ტარდება, 2020 წელს საქართველოს მიეძღვნება, განაცხადა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატალია საბანაძემ პირველი არხის ეთერში.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მუსიკალური პროგრამა საქართველოს სიმფონიურმა ორკესტრმა გახსნა >>
კულტურის ფესტივალი „ევროპალია“ ბელგიაში სამეფო ოჯახის პატრონაჟით 1969 წლიდან იმართება. ფესტივალის სახელწოდება მომდინარეობს ორი სიტყვიდან - „ევროპა“ და „ოპალია“, რაც უხვი მოსავლის ძველ რომაულ დღესასწაულს აღნიშნავს.
„ეს ღონისძიება მოიცავს კულტურის ყველა სფეროს. სექტემბრიდან იანვრამდე იმართება 400-მდე ღონისძიება. 2022 წლის „ევროპალია“ – ასე ჰქვია ამ ფესტივალს, რომელიც საქართველოს მიეძღვნება. 2022 წლის სექტემბრიდან ბრიუსელში, მთლიანად ბელგიაში და ევროპულ დედაქალაქებში იქნება ქართული კულტურის ზეიმი“, – განაცხადა ნატალია საბანაძემ.
„ევროპალია“ თავისი პროგრამის მასშტაბურობითა და ხანგრძლივობით, ასევე მაყურებელში პოპულარობით ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ფესტივალია. ფესტივალის ღონისძიებებს მილიონამდე ადამიანი ესწრება.
ფესტივალის ღონისძიებები იმართება მონაწილე ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურის და ბელგიის მეფის პატრონაჟით, რომელთა თანდასწრებით ზეიმის გახსნის ცერემონია იმართება. ცალკეული გამოფენები და კონცერტები ასევე ნიდერლანდების, საფრანგეთის, ლუქსემბურგისა და გერმანიის მეზობელ ქალაქებში ტარდება.