ქართველი მომღერლის დებიუტი ბერძენი მეგა-ვარსკვლავის კონცერტზე და მისტიკა მის ნახატებში

გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ დღეს საბერძნეთში მცხოვრებ ჯორჯ გურენს გაგაცნობთ.

ჯორჯ გურენი — საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ხელოვანის, გიორგი გურგენაშვილის სცენური და შემოქმედებითი ფსევდონიმია. სამი წელია, რაც ხელოვნების სამსახურში ჩადგა. წერს სიმღერებს, თანამშრომლობს ბერძენ კომპოზიტორებთან და ხატავს სხვადასხვა მიმართულებაში. მისი დებიუტი ბერძნული შოუ-ბიზნესის მეგა-ვარსკვლავის, ჯული მასინოს სოლო-კონცერტზე შედგა. საბერძნეთში არსებულმა ბერძნულ-ქართულმა ასოსციაციამ ის უცხოეთში საქართველოს კულტურის პოპულარიზაციისთვის დააჯილდოვა. საკუთარ მომავალ წარმატებას ნიჭიერი ჯორჯ გურენი სწორედ ამ ქვეყანას უკავშირებს.

© Photo: Courtesy of George Gurenჯორჯ გურენი
ჯორჯ გურენი - Sputnik საქართველო
ჯორჯ გურენი

სიყვარული გენებში, ანუ ხელოვნების მოყვარული წინაპრები

ბავშვობიდან ისეთ ოჯახში იზრდებოდა, სადაც ხელოვნებას ყველა უდიდეს პატივს სცემდა. ბაბუა, გივი გურგენაშვილი, მსახიობი იყო და წლების მანძილზე “მარჯანიშვილის თეატრში“ თამაშობდა. მას ბევრ ქართულ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორისაა: „ბაში-აჩუკი“და„ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“.

ჯორჯ გურენი: ბაბუას ძალიან უყვარდა თეატრი, დიდი ხელოვანი იყო. ძალიან კარგად ხატავდა, მღეროდა, ძერწავდა და ბევრ მუსიკალურ ინსტრუმენზე უკრავდა. ხელოვნება მისთვის სიცოცხლე და სული იყო, მთელი ცხოვრება უნდოდა, რომ მისი გვარის გამგრძელებლებიც  ხელოვნებას გაჰყოლოდნენ. მამა, მამუკა გურგენაშვილი, ძალიან კარგად ხატავდა. ხეზე და ლითონზე მუშაობა უყვარდა დახმლებს ამზადებდა. ის ადრეულ ასაკში გარდაიცვალა და სურდა, რომ გამორჩეულად ზრდილობიანი დათავმდაბალი ადამიანი ვყოფილიყავი. ყოველთვის მეუბნებოდა: რაც უნდა გაგიჭირდეს, ტყუილი არ იკადრო, სჯობს სიმართლე თქვა და თავი გასწიროო. მამა ძალიან კარგი ქართველი იყო და ყოველთვის ვცდილობ, რომ მისი სიტყვა შევასრულო.

© Photo: Courtesy of George Gurenჯორჯ გურენის შემოქმედება
ჯორჯ გურენის შემოქმედება - Sputnik საქართველო
ჯორჯ გურენის შემოქმედება

- ჯორჯ, თვითნასწავლი ხართ, ხატვა დამოუკიდებლად ისწავლეთ…

— ხელოვნება ჩემი სულის განუყოფელი ნაწილია. სიმღერა და ხატვა სამი წელია დავიწყე. თვითნასწავლი ვარ და არსად მოვმზადებულვარ. სიმღერაზე და ხატვაზე არ მივლია, გამოფენებზე ბევრი მეკითხება: აკადემიაში თუ მაქვს განათლება მიღებული. როცა ვპასუხობ: არა მეთქი, ვერ იჯერებენ… ვთვლი, რომ ეს ნიჭი უფლისგან ბოძებული საჩუქარია, რომელსაც რათქმაუნდა სწორად გამოყენება და მართვა სჭირდება. ძალიან მომწონს აბსტრაქტული ნამუშევრები, თუმცა ყველა სტილში ვხატავ. მაქვს ჰიპერრეალისტური დასიურეალისტური ნახატებიც.  ნატურმორტის და პორტრეტების ხატვაც მომწონს. ჩემს ნახატებში ძალიან ბევრი ინფორმაციაა ჩადებული, ბევრი მისტიკაა.

ხატვა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დავიწყე, რომ მინდოდა ხატვის დროს სულიერი სიმშვიდე მომეპოვებინა. ხატვისას არ შემიძლია გადმოვცე რას ვგრძნობ. მიხარია, რომ ბევრ კრიტიკოსს მოსწონს ჩემი ნამუშევრები. სხვათაშორის მუსიკას მხატვრობასთან ვაკავშირებ. ორივეს უამრავი ფერი აქვს და ამ ფერებს ლამაზად შეხამება უნდა, რაც ურთულესი, თუმცა, სასიამოვნო პროცესია…

© Photo: Courtesy of George Gurenჯორჯ გურენის შემოქმედება ფოთოლზე
ჯორჯ გურენის შემოქმედება ფოთოლზე - Sputnik საქართველო
ჯორჯ გურენის შემოქმედება ფოთოლზე

-ამჟამად საკუთარი სიმღერების ალბომზე მუშაობთ, როგორი სიმღერები შევა მასში?

— დიახ, ცოტახანში გამოვა ჩემი სიმღერების ალბომი, სადაც სიმღერები ქართულ, ინგლისურ და ბერძნულ ენებზე იქნება. ისინი პოპ R&B (რითმი და ბლუზი) სტილში შექმნილი ბალადებია. სიმღერების უმეტესი ნაწილი ქართულენოვანია, რადგან ძალიან მიყვარს ჩემი ენა და ქვეყანა. დღეს არ ვარ საქართველოში, მაგრამ ქართულ სიმღერებს განსაკუთრებული ადგილი აქვს ჩემს რეპერტუარში. ვფიქრობ, ქართველი მსმენელი ამ ალბომში განსხვავებულ, თბილ და ენერგიულ სიმღერებს მოისმენს.

- ყველაზე დიდი სირთულე უცხო ქვეყანაში რა იყო?

— გულწრფელად გეტყვით, უცხოეთში ჩემთვის სირთულე არაფერი ყოფილა, რადგან ყველაფერს მარტივად ვუყურებ. მთავარია, გულით გინდოდეს რაღაც და აუცილებლად გააკეთებ. ჩემი რიგითი დღე იწყება ვოკალის პედაგოგთან სიმღერებზე რეპეტიციით, მერე დარბაზში ვარჯიში მაქვს, ბოლოს ხატვა და უცხო ენებში მომზადება… ჩემი ვოკალის მასწავლებელია ფილარმონიის მსახიობი და ცნობილი კვარტეტის „მები" ხელმძღვანელი ირმა მატაკაკი აროშვილი.

© Photo: Courtesy of George Gurenჯორჯ გურენის შემოქმედება
ჯორჯ გურენის შემოქმედება - Sputnik საქართველო
ჯორჯ გურენის შემოქმედება

-ჯორჯ თქვენ საბერძნეთის შოუ-ბიზნესის ცნობილ წარმომადგენლებთან მეგობრობთ…

— ჩემი მეგობარი, ბერძნული შოუ-ბიზნესის მეგა-ვარსკვლავი, ჯული მასინოა, რომელმაც თავის სოლო-კონცერტზე მოულოდნელად გამოაცხადა: „დღეს აქ არიან ჩემი მეგობრები საქართველოდან და ერთ-ერთი მათგანი, ჩემი მეგობარი ჯორჯ გურენია, რომელიც ახლა ჩემთვის და თქვენთვის იმღერებსო”. ნამდვილად არ ველოდი და შოკში ჩავვარდი. მან მთხოვა, რომ ფრენკ სინატრას რეპერტუარიდან შემესრულებინა სიმღერა. სხვათაშორის, თავის დროზე, თვით ფრენკ სინატრა უძღვნიდა ხოლმე ჯულის სიმღერას. მოკლედ, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, მაგრამ სცენაზე მაინც თავდაჯერებული ავედი, უკან ამხელა ბენდი იდგა. ჩემთვის ეს დებიუტი იყო და ვეცადე მთელი გრძნობით მემღერა. როდესაც  სიმღერა დავასრულე, ჯული ჩემთან მოვიდა, ჩამეხუტა და მითხრა: „მიყვარხარ, მეგობარო, ბრავო!“- მისი სიტყვები არასოდეს დამავიწყდება. ეს ქალბატონი არაჩვეულებრივი მეგობარია. სხვათაშორის ჯული მასინოს საქველმოქმედო კონცერტი ჩემი მენეჯერის, მამუკა ლიპარტელიანის ორგანიზებით აქვს ჩატარებული. მეამაყება, რომ ამ ადამიანს ძალიან უყვარს საქართველო…

© Photo: Courtesy of George Gurenჯორჯ გურენი
ჯორჯ გურენი - Sputnik საქართველო
ჯორჯ გურენი

- ვინ დაგაჯილდოვათ ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის?

— საქართველოს პოპულარიზაციისთვის ათენში არსებულმა სტუდენტ — ახალგაზრდობის ბერძნულ-ქართულმა ასოსციაციამ დამაჯილდოვა. იმ ცერემონიაზე იმყოფებოდნენ უნიჭიერესი ქართველი ბავშვები და მას საქართველოს სრულულებიანი ელჩი, ბატონი იოსებ ნანობაშვილი ესწრებოდა. ეს ჩემთვის უდიდესი სიხარული იყო, ამ ჯილდოს ნამდვილად არ მოველოდი. არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო ბერძნულ-ქართული ასოციაციის დირექტორს და მის ხელმძღვანელებს, ბატონ ავთანდილ გიუნაშვილს და ქალბატონ ლიკა ჯანელიძეს.

-საკმაოდ მოტივირებული ხართ და მიზნისკენ ნელ-ნელა მიდიხართ, ბედისწერის თუ გჯერათ?

— ყველა ადამიანი თავის ბედს თვითონ ქმნის… ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანები, მამა და დედა ყოველთვის ასეთ რჩევას მაძლევდნენ: ასჯერ რომ დაეცე, ასმეერთედ ადექი და მიზნისკენ გზა მაინც გააგრძელეო!. ზუსტად ასე ვიქცევი და ბევრი სირთულის მიუხედავად, ჩემს გზას მაინც ვაგრძელებ. ყველა დამეთანხმება, რომ ქართველ ემიგრანტს განსაკუთრებით და გამორჩეულად უყვარს საქართველო, აფასებს თავის მიწას და ხალხს. მეც გამუდმებით ვფიქრობ სამშობლოზე, რომლის ყველა პრობლემა მტკივა და მაწუხებს… ჩემი მეგობრები და ნათესავები ყოველთვის მენატრება. მინდა თითოეულ ქართველს წარმატება და მშვიდობა ვუსურვო.

ფესვებთან დაბრუნება

ჯორჯ გურენი: როდესაც საქართველოდან საბერძნეთში ჩამოვედი ძალიან პატარა ვიყავი. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა და დიდი ხანი ვერ ვახერხებდი იქ ჩასვლას, თუმცა სურვილი სულ მქონდა. სამი თვის წინ როგორც იქნა, ჩავედი. როცა თვითმფრინავი ქართულ მიწაზე ეშვებოდა, გამახსენდა კინო-ფილმი „ფესვები“ და თავში სულ ის მუსიკა მიტრიალებდა, რაც ამ ფილმშია. როგორც კი ჩვენს მიწაზე ფეხი დავდგი, ყველას ვუღიმოდი, მინდოდა, ყველა გულში ჩამეხუტებინა და ყველას მოვფერებოდი. ქართველები ხომ განსაკუთრებული სითბოსა და სიყვარულის ერი ვართ, ნათესაობაც და მეგობრობაც გამორჩეულად ვიცით…

ყველა ახალი ამბავი
0