თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა მარნეულში ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე 32 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, შემთხვევა მიმდინარე წლის 10 დეკემბერს მარნეულში მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში 67 წლის მამიდა ურთიერთშელაპარაკების დროს ბლაგვი საგნით მოკლა, ცხედარი დამარხვის მიზნით სარდაფში გადამალა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ცხედარი ხუთი დღის შემდეგ ნათესავებმა აღმოაჩინეს და სამართალდამცველებს აცნობეს.
ბრალდებული საქართველო-სომხეთის საზღვარზე, სადახლოში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.