ყველაზე მეტად ეს მოდას ეხება, რომელიც როგორც წესი, გამოხატავს ამ თუ იმ თაობის გემოვნებას, ცხოვრების სტილს და სულისკვეთებასაც კი...
მეოცე საუკუნის ოციანი წლები - რა ხდებოდა მაშინ და რითია ის წლები გამორჩეული? რატომ დაინტერესდნენ თანამედროვენი იმ დროით?.. მაშინდელი ევროპისთვის ეს ის დროა, როცა პირველი მსოფლიო ომის შედეგები დავიწყებას ეძლევა. ტრაგედიისგან გადაქანცულ ადამიანებს კი დეპრესიისგან თავის დაღწევა და სიცოცხლით ტკბობა სურთ. ამისთვის ყველაფერზე მიდიან. ავანსცენაზე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ახალი იდეები, ტემპი და ემოციები მოიტანეს. ასპარეზზე გამოვიდნენ ემანსიპირებული ქალები, რომლებმაც დაიმოკლეს კაბის სიგრძე და ბიჭურად შეიკრიჭეს თმა, პირველი შარვლიანი ქალებიც მაშინ გამოჩნდნენ. ასეთია იმ დროის მოკლე ვიზუალური და ფსიქოლოგიური პორტრეტი.
არ ვიცი თანამედროვე თინეიჯერებისთვის რატომ და რისთვის გახდა ის დრო საინტერესო და მიმზიდველი, მაგრამ ფაქტია, რომ იქ „დაბრუნების“ სურვილი აშკარად გაუჩნდათ. ეს კი მოხდა ამ ცოტა ხნის წინ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, სადაც თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის -კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით ივენთი სახელად „Retro Party –20-იანების გრანდიოზული საღამო“ ჩატარდა. ჩვენ დავუკავშირდით ამ საღამოს ერთ-ერთ ორგანიზატორს, თსუ-ს ფილოსოფიის ფაკულტეტის 17 წლის სტუდენტს, სამოქალაქო კლუბების ლიდერს, არა ერთი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულს და მხატვარს, რომელსაც არა ერთ პერსონალურ გამოფენაში აქვს მიღებული მონაწილეობა, საუბარია დეა ცომაიაზე.
- დეა, როგორ ფიქრობ, შეიგრძნო თუ არა საღამოზე მოსულმა სტუმრებმა 20-იანების ეპოქა, ანუ განახორციელეთ თქვენი ჩანაფიქრი?
- პირველ რიგში, ეს იყო შანსი, რომ ერთი საღამო მაინც აღმოვჩენილიყავით ისეთ ზღაპრულ სამყაროში, როგორიც მხოლოდ “The Great Gatsby”-სა და სხვა დიდებულ ფილმებში გვინახავს. ეს ეპოქა გვახვევს სიძველისა და ჰარმონიულობის ქარ-ცეცხლში, გვაძლევს იმის ალტერნატივას, რომ ამ გადასახედიდან რეალურად აღვიქვათ აწმყო. საოცარია იმ დროის სამოსის ინდივიდუალიზმი, რომელიც ცოტათი ვულგარული, სექსუალური, მეტაფორულად მადისაღმძვრელი და საუცხოო იყო. ვფიქრობ საღამომ არაჩვეულებრივად ჩაიარა. იქ მოსულ სტუმრებს სააქტო დარბაზის ჰოლი რეტრო სტილში მოკაზმული დახვდათ, რომლის გაფორმებაზეც „მარაოს„ არაჩვეულებრივმა გოგონებმა იზრუნეს.
- იმ ეპოქის უკეთ აღსაქმელად სტუმრები შესაბამისი სამოსით უნდა გამოცხადებულიყვნენ...
- ასეც მოხდა, სტუმრებმა როგორც ეს წინასწარ იყო გამოცხადებული, დრეს-კოდი დაიცვეს და რეტრო-სამოსში გამოცხადდნენ. ირგვლივ ფერადი ნივთები და გლამურული გარემო სუფევდა. საღამოზე ყველამ გადაიღო სამახსოვრო ფოტო, რომელიც ეპოქის შესაბამისად სოციალურ ქსელებში უმეტესად შავ-თეთრად ატვირთა. განწყობა აამაღლა გიფერმა, რამაც ხელი შეუწყო ძველ სტილთან ერთად თანამედროვეობის ელემენტების სინთეზს. საღამო მუსიკალურად გაალამაზეს „X -ფაქტორის“ არაჩვეულებრივმა მომღერლებმა: ანრი გუჩმანიძემ, ნინა ყიფშიძემ, ია ტომაშმა, მარიამ შენგელიამ, რეზო ქარცივაძემ, ლიზა შენგელიამ, დოდონა ნამორაძემ, ლიკუნა თუთისანმა, ელენე ზენდერმა, ლიკუნა მამალაძემ, ანა კარიმანიძემ.
- საღამოს შემეცნებით-გასართობის გარდა საქველმოქმედო დანიშნულებაც ჰქონდა...
-20-იანების რეტრო წვეულებას გართობაზე მეტად სხვა მნიშვნელობა ჰქონდა- წვეულება საქველმოქმედო იყო. ჩვენი სურვილი იყო დავხმარებოდით პატარა ვიქტორიას, რომელმაც ბევრი განსაცდელი და ტკივილი გადაიტანა. ვფიქრობ, ეს მხოლოდ დასაწყისია, თსუ მუდმივადაა ჩართული სიკეთის მსგავს კამპანიებში და რათქმაუნდა, ამ სტატუსით მომავალშიც ბევრჯერ მოგევლინებათ.
- დეა, წელს გახდი სტუდენტი და უკვე ბევრ აქტივობაში ხარ ჩართული...
- დიახ, წელს ჯავახიშვილის დიდი, ასწლოვანი ოჯახის წევრი გავხდი, იმ ოჯახის, რომლის იმედიც მუდამ მექნება. მართალია, უფლება არ მაქვს ვინმეს საკუთარი აზრი მოვახვიო, მაგრამ მაინც ხმამაღლა აღვნიშნავ, რომ უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა უმაღლესი დონის ორგანოა, რომლის ძირითადი ორიენტირი მონოტონური დღეების გალამაზება, ქველმოქმედება და ერთმანეთის მხარდაჭერაა. არ მახსოვს დღე, როდესაც აქ ერთი ინიციატივა ან ემოციაც კი ჩახშულა, დღე, როცა პირადად მე თავისუფალი არჩევნისა და გამოხატვის თავისუფლება შემზღუდვია.
- როგორც მომავალი ფილოსოფოსი ყველაფერს, რიგით საღამოსაც კი ფილოსოფიურად უყურებ...
-მართალია ყველაფერი რაღაცით თომას მორისის „უტოპიურ“ თეორიას ჰგავს, თუმცა ერთი დიდი განსხვავებით. შესაძლოა, უტოპიურ სამყაროში, სადაც სახელმწიფო იდეალურია და ყველა ბედნიერად გრძნობს თავს, მათთან თანაარსებობა მოგბეზრდეთ, მაგრამ ამ ჰარმონიაში არსებობა არ მოგწყინდებათ. ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა, როცა ძალისხმევასა და ენერგიას აქსოვ კეთილ საქმეში, რომელიც უდიდესი პასუხისმგებლობაა და გაძლევს იმის შთაგონებას, რომ მეტი და მეტი აითვისო. როცა წინ დიდი რამ გელის ეს ერთბაშად სიამოვნების განცდაცაა და შიშიც, თუ როგორ მიიღებს შენს სასიამოვნო „გამოწვევას“ საზოგადოება. საოცრებაა როცა ეს ემოციები ერთმანეთში იხლართება და იმ „რაღაცას“ ქმნის, რომელიც სიფხიზლის ექსტაზის ანალოგია. ვიცი, რომ ჩემს ცხოვრებაში ახლა ყველაზე ნაყოფიერი და ბედნიერი პერიოდია, ამიტომ არ მინდა, რომ ერთმა დღემაც კი უშედეგოდ და უინტერესოდ ჩაიაროს. მინდა ამის გაცნობიერებაში სხვებსაც დავეხმარო...