თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო, რომელიც წვრთნებს ალგეთში გადიოდა, ირწმუნება, რომ ის მეთაურმა სასტიკად სცემა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
დავით ბერიშვილის თქმით, საღამოს მას ერთ-ერთ სამხედროსთან შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც მას პოლკოვნიკი ბიბინიძე ფიზიკურად გაუსწორდა.
„ეგრევე შემდგა წიხლებით, დივანზე დავვარდი და შემდგა მერე წიხლებით ზევიდან. მერე გაჩერდა. ახსნა-განმარტება დამაწერინეს იქ, რომ რეკრუტთან მოუვიდა იმასაც და მეც ცოტა ხმამაღალი შელაპარაკება“, - ამბობს დავით ბერიშვილი.
ჯარისკაცის თქმით, პოლკოვნიკმა ბიბინიძემ ის ალგეთის ბაზიდან მისთვის სასურველი ახსნა-განმარტების დაწერის შემდეგ გამოუშვა.
ტელეკომპანიის ცნობით, დაზარალებული ჯარისკაცი მომხდარის შემდეგ „რუსთავი 2-ში" მივიდა.
სამაუწყებლო კომპანიის თანამშრომლებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, რომელმაც შემდგომ საპატრულო პოლიცია გამოიძახა.
ჯარისკაცი ბრიგადამ უკვე გადაიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, როდესაც სამხედრო „რუსთავი 2-ის" შენობაში დახმარების სათხოვნელად მოვიდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.