თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. კოჯრის სამხედრო ბაზაზე მომხდარი ჩხუბის დროს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საქმეზე დაკავებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, იუწყება საქართველოს პროკურატურა.
უწყების ცნობით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კოჯრის სამხედრო ბაზაზე მომხდარი ჩხუბის დროს სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები ე.ჩ. და ნ.გ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 1 აგვისტოს, თბილისში, დაბა კოჯორში მდებარე გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების აკადემიის ტერიტორიაზე, სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს შორის ურთიერთშელაპარაკებისას, ბრალდებულებმა ე. ჩ.-მ და ნ.გ-მ ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს ამავე სამხედრო ნაწილის სამ სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეს“, — ნათქვამია საქართველოს პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, დაკავებულთაგან ერთ პირს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო მეორე ბრალდებულს — 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, კოდექსის ეს მუხლი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა. საქმეზე გამოძიება დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირთა მხილების მიზნით გრძელდება“, — ნათქვამია პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
კოჯრის სამხედრო ბაზაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ჯარისკაცებს შორის. დაშავდა ხუთი სამხედრო მოსამსახურე, მათგან სამს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. მოგვიანებით გაირკვა, რომ დანა სამსახურებრივი არ იყო. უფრო კონკრეტულად, იგი გიორგი ანწუხელიძის სახელობის კოჯრის სერჟანტთა აკადემიის ტერიტორიაზე ვიღაცამ უკანონოდ შეიტანა.
კოჯრის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცებს შორის მომხდარი ინციდენტის გამო, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასა და შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, აკადემიიდან ხუთი თანამდებობის პირი გაათავისუფლეს.