თბილისი, 17 დეკემბერი - Sputnik. თბილისში საახალწლო გარევაჭრობა მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში იქნება ნებადართული, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებაზე დაყრდნობით.
კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში კვირაში ორჯერ კონკრეტული ადგილები გამოიყოფა, რომელიც ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით კეთილმოწყობილი იქნება.
„კონკრეტულ ადგილებში თავისუფლად ექნებათ შესაძლებლობა სოფლიდან ჩამოტანილი ნობათისა და თავიანთი პროდუქტების რეალიზება მოახდინონ. გარდა ამისა, ერთ-ერთ მთავრობის სხდომაზე დავავალე გამგებლებს და მიმდინარეობს მუშაობა, რომ ქალაქში კვირაში ორჯერ გამოიყოს კონკრეტული ადგილები, რომელიც იქნება კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით“, - აღნიშნა კალაძემ.
მისი თქმით, გარევაჭრობისთვის გამოყოფილი ადგილებით სარგებლობა უფასო იქნება.
აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე 22 დეკემბერს აინთება. რესპუბლიკის მოედანზე იქნება განთავსებული ასევე, საახალწლო სოფელი და გაიმართება სადღესასწაულო გალაკონცერტი.