თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებით, მთავარი საახალწლო ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება, ნათქვამია მერიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, სადაც ტრადიციულად საახალწლო ნაძვის ხე იდგმებოდა ხოლმე, მიმდინარეობს საპროტესტო აქცია „მამები სამართლიანობისთვის". უკვე რამდენიმე თვეა ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი საკუთარი შვილების მკვლელების დასჯას მოითხოვენ.
თბილისის მერიამ აციის მონაწილეებს 9 ნოემბერს თხოვნით მიმართა, რომ აქცია, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, სხვა ადგილზე გადაეტანათ. ამან თბილისელების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ინტერნეტში გამოჩნდა პეტიცია "უარს ვამბობ საახალწლო ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს", რომელსაც ხელი 10 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა.
რესპუბლიკის მოედანზე ნაძვის ხის გარდა ასევე საახალწლო სოფელი მოეწყობა და სადღესასწაულო გალაკონცერტი გაიმართება. რესპუბლიკის მოედანზე მთავარი ნაძვის ხის დადგმა დღეიდან ტრადიციად იქცევა.
ნაძვის ხის მონტაჟის პროცესს კახა კალაძე მოადგილესთან, სოფიო ხუნწარიასთან ერთად დაესწრო. დედაქალაქის მერმა მოქალაქეებს 22 დეკემბერს, ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
„ნაძვის ხის ანთების ღონისძიება 22 დეკემბერს გაიმართება და საკმაოდ შთამბეჭდავი იქნება. მინდა, მოვუწოდო ყველას, პატარებთან ერთად მობრძანდნენ და ერთად ავანთოთ ეს ულამაზესი ნაძვის ხე", - განაცხადა კახა კალაძემ.
მერის მოადგილის, სოფიო ხუნწარიას თქმით, რესპუბლიკის მოედანზე რამდენიმე საახალწლო ღონისძიება გაერთიანდება.
„რესპუბლიკის მოედანზე ერთიანდება მთავარი ნაძვის ხე, საახალწლო სოფელი და გალაკონცერტი, რაც ტრადიციულ სახეს მიიღებს. რაც შეეხება ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას, ის საკმაოდ მასშტაბური იქნება. დადგმის ავტორია ნიკუშა შველიძე, ხოლო მუსიკა, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის დაიწერა, მიშა მდინარაძეს ეკუთვნის. ღონისძიებაში არაერთი მსახიობი და მუსიკოს-შემსრულებელია ჩართული. გალა კონცერტს მუსიკალურად, ასევე, 82 არაჩვეულებრივი, ნიჭიერი ბავშვი გააფორმებს", - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.
თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს საახალწლო სოფელი 28 დეკემბერიდან 7 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს.
წინასაახალწლო სამზადისი ნოემბერის პირველ რიცხვებში დაიწყო. როგორც რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე, ისე ქალაქის გარეუბნებში კომპანია „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ დამონტაჟდა საახალწლო განათება.
დედაქალაქის საახალწლო გაფორმებასა და განათებაზე წელს თბილისის მერია ორ მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს. გასულ წელს ამაზე მერიამ სამი მლნ ლარი დახარჯა.