თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 28 ნოემბერს გაიმართა, ხმების 59,52% (1 147 701 ხმა) მოიპოვა.
ზურაბიშვილი და მისი გუნდი: ახალი პრეზიდენტი ერთგულ ადამიანებს ეძებს>>>
მისმა კონკურენტმა, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გრიგოლ ვაშაძემ კი, რომელიც კანდიდატად ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია" დაასახელა, ხმების 40,48% (780 680 ხმა).
არჩევნების მეორე ტურის გამართვა აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც 28 ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე 25 კანდიდატიდან, ვერც ერთმა ვერ შეძლო გამარჯვების მოსაპოვებლად აუცილებელი 50%-ზე მეტი ხმის მიღება.
კვირას სალომე ზურაბიშვილის – საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტისა და პირდაპირი წესით არჩეული ბოლო პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება.