ზურაბიშვილი და მისი გუნდი: ახალი პრეზიდენტი ერთგულ ადამიანებს ეძებს

© photo: Salome Zourabichvili / FBსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანას პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ზედმეტი ხარჯები არ სჭირდება.

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანას გეგმავს.

ზურაბიშვილის ქონება და პრეზიდენტის პოსტზე მისი კუთვნილი პრივილეგიები>>>

ინაუგურაცია კვირას, 16 დეკემბერს გაიმართება. ზურაბიშვილი ფიცს თელავში დადებს, სტუმრების მიღება კი წინანდალშია დაგეგმილი. მანამდე თბილისში ზურაბიშვილი ილია ჭავჭავაძის საფლავსა და გმირთა მემორიალს გვირგვინებით შეამკობს.

„რა თქმა უნდა, იქნება რეორგანიზაცია. მოდის ახალი პრეზიდენტი და მთლიანობაში ადმინისტრაციაში შემცირება მოხდება, რაც, ვთვლი, რომ აუცილებელია, რადგანაც ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს ზედმეტი ხარჯები ან პერსონალი. მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც ეფექტიანობისთვის არიან აუცილებელი, იმუშავებენ. იქნება რეორგანიზაცია, კონკურსი და კანონს სრულად დავიცავთ. ეს მთავარია", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ადრე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მომავალი ადმინისტრაციის წევრებს მომავალ კვირაში წარმოადგენდა.

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ კანონპროექტის სკანდალურ ცვლილებებს გაიწვევენ

დღეისთვის ცნობილია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია უხელმძღვანელებს, რომელიც ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში მისი მოადგილე იყო.

რეორგანიზაციასთან ერთად ასევე იცვლება პრეზიდენტის სამუშაო ადგილი. ზურაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი მარგველაშვილისგან განსხვავებით, პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში მუშაობას არ აპირებს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ათონელის ქუჩაზე, ორბელიანების სასახლეში განთავსდება.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების მეორე ტურში ხმების 59,52% მოიპოვა. მისი კონკურენტი ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე იყო, რომელიც კანდიდატად ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია" დაასახელა.

 

ყველა ახალი ამბავი
0