თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. გაიწვევენ „საჯარო მოხელის შესახებ“ კანონის ცვლილებებს, რომლებიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომლის ადმინისტრაციულ კონტრაქტებზე გადაყვანას გულისხმობდა, განაცხადა კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა რატი იონათამიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილს თანამშრომლების უმიზეზოდ გათავისუფლების უფლება ექნება >>
სკანდალური კანონპროექტი შეიმუშავეს დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გურამ მაჭარაშვილმა და რატი იონათამიშვილმა. ცვლილებები გულისხმობდა მომავალი საპრეზიდენტო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომლისთვის სახელმწიფო მოხელის სტატუსის ჩამორთმევას.
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ აღნიშნული ინიციატივა დაუსაბუთებლად მიიჩნია, ხოლო ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ – არაკონსტიტუციურად.
„არავინ დაიბრალოს ის, რომ ვიღაცის ზეგავლენით ვიღებთ ჩვენ გადაწყვეტილებას. ჩვენ ყველა გადაწყვეტილებას ვიღებთ ადამიანის უფლებებისა და სამართლებრივი პრინციპების და ასევე გუნდის შიგნით არსებული შეთანხმების საფუძველზე. ვიდრე ამას არ მივაღწევდით, არ ჩავატარეთ ჩვენ საკომიტეტო მოსმენები. დღეს დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ინიციატივა არ იქნება განხილული საპარლამენტო მოსმენების ფორმატში“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
აღნიშნული კანონპროექტი არც პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც არ მოიწონა.
„კანონპროექტი რეორგანიზაციის სათანადოდ წარმართვას ისახავდა მიზნად, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეორგანიზაციის განხორციელება შესაძლებელია ამ ცვლილებების გარეშეც. ადამიანები, რომლებიც იმსახურებენ პროფესიული მოხელის სტატუსს, ამ სტატუსით უნდა დარჩნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ივანიშვილთან მუშაობა მომწონდა“ - მარგველაშვილი ბოლო განცხადებებს აკეთებს >>
ამასთან მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტატი უნდა შემცირდეს.
16 დეკემბერს მუშაობას შეუდგება ახალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ჩამოაყალიბებს თავის გუნდს და გადაწყვეტს, ვინ დარჩება ადმინისტრაციაში ძველი კადრებიდან. უკვე ცნობილია, რომ ადმინისტრაციას დატოვებენ ამჟამინდელი პრეზიდენტის მრჩევლები, მისი ადმინისტრაციის უფროსი და საპარლამენტო მდივანი.