თბილისი, 13 დეკემბერი - Sputnik. ტაილანდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2019 წლის თებერვლიდან საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ ვიზა უკვე ჩასვლისას (Visa on Arrival) საზღვარზე აიღონ, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
მომავალი წლიდან საქართველოს მოქალაქეებს ტაილანდში ტურისტული ვიზიტით 15 დღის განმავლობაში ყოფნის შესაძლებლობა ექნებათ.
ჯერჯერობით ქართველი ტურისტები ტაილანდში იშვიათად ჩადიან. ერთი მხრივ, ეს უკავშირდება საქართველოში ამ ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის, მეორე მხრივ, პირდაპირი რეისების არარსებობას. ვიზის მისაღებად ქართველ ტურისტებს მეზობელ ქვეყნებში - თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში გამგზავრება უწევთ.
2017 წელს ტაილანდში დაახლოებით 1500 ქართველი ტურისტი იმყოფებოდა, ადრე აცნობა „Sputnik-საქართველოს“ ტაილანდის ტურისტული სამმართველოს წარმომადგენელმა კონსტანტინ კინელმა.
საქართველოდან ტაილანდში 7-დღიანი ტურისტული საგზურის ღირებულება 750 დოლარიდან იწყება და 2000 დოლარს აღწევს.
საქართველომ და ტაილანდმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 ივნისს დაამყარეს. ბოლო წლებში ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები აქტუალური გახდა. გაიმართა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების წარმომადგენელთა ოფიციალური სამუშაო შეხვედრები ბანგკოკსა და თბილისში. ურთიერთობები განსაკუთრებით ეკონომიკის სფეროში ვითარდება.