თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთის საგარეო უწყებებმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 46-ე რაუნდი შეაჯამეს.
„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის აუცილებლობაზე", – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ქართულმა მხარემ დაგმო საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გახშირებული რუსეთის სამხედრო წვრთნები, ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვართან, მათ შორის, სოფელ ატოცთან მავთულხლართების გაბმა.
მორიგ ჯერზე კვლავ მწვავე აღმოჩნდა ძალის არგამოყენების თემისა და ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეების მიერ შესაბამისი განცხადების მიღების საკითხის განხილვა. „აზრები აქ პრინციპულად გაიყო", – აღნიშნეს რუსეთის საგარეო უწყებაში.
„რუსულმა, აფხაზურმა და ოსურმა მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ რეგიონული უსაფრთხოების მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ქართულ ტერიტორიაზე აშშ-ისა და ნატოს სამხედრო აქტივობა, მათ შორის, ვაშინგტონისა და თბილისის გეგმები ვაზიანში მოდერნიზებული სამხედრო აეროდრომისა და 2019 წელს მორიგი ფართომასშტაბიანი მრავალეროვნული სწავლებების გამართვის თაობაზე", - ნათქვამია განცხადებაში.
ნატოს გენერალური მდივნის იანს სტოლტენბერგისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებები ალიანსში საქართველოს გაწევრიანების მხარდაჭერის შესახებ რუსეთმა შეაფასა როგორც პროვოკაცია.
რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს „შეწყვიტოს იყოს სხვების ინტერესების გამტარებელი" და ნაბიჯები გადადგას მეზობლებთან ურთიერთობების დარეგულირებისთვის. მოცემულ შემთხვევაში იგულისხმება აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“, რომელთა დამოუკიდებლობა რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ აღიარა.
ზახაროვა: „დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა ყველაფერს ართულებს">>>
საქართველო კვლავ მტკიცედ მოითხოვს მის მიერ არაკონტროლირებად რეგიონებში საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების აუცილებლობას. საქართველო მოითხოვს რუსეთის მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულებას.
„(მოლაპარაკებების დროს) აღინიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის პირობების შესრულება, ძალის არგამოყენება და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა წარმოადგენს ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებელ და განუყოფელ კომპონენტებს", – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.
რა ვითარებაში ცხოვრობს ადგილობრივი მოსახლეობა
ქართული და რუსული მხარის შეფასებები საზღვრისპირა სოფლებში არსებული ვითარების შესახებ კარდინალურად განსხვავებულია.
„საქართველოსთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე სიტუაცია დისკუსიის ყველა მონაწილის მხრიდან (გარდა ქართველი წარმომადგენლებისა) მთლიანობაში სტაბილურად შეფასდა. გადაკვეთის სტატისტიკა ადასტურებს, რომ თავისუფალი გადაადგილების მხრივ სერიოზული პრობლემები არ არსებობს და შემთხვევების რაოდენობა საშუალო მონაცემს არ აჭარბებს. 2018 წელს „ცხელი ხაზი" 2 ათასზე მეტჯერ ამოქმედდა, რამაც შესაძლებელი გახადა საშიში ინციდენტების თავიდან აცილება", – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
კვირიკაშვილი: საქართველო ოსებთან და აფხაზებთან შესარიგებლად თამამ ნაბიჯებს გადადგამს>>>
საქართველო კი მუდმივად საუბრობს იმაზე, რომ ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები ირღვევა – ისინი წინააღმდეგობების გარეშე ვერ ახერხებენ ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთას, არ შეუძლიათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღება და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდებიან. როგორც ცნობილია, მავთულხლართების დამონტაჟების შემდეგ ხშირად მეორე მხარეს აღმოჩნდება ხოლმე საზღვრისპირა სოფლების საძოვრები და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები.
კვლავ ვერ მოხერხდა იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა.
„ჰუმანიტარული ჯგუფების მუშაობა მას შემდეგ შეწყდა, რაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციების მოსაზრების საწინააღმდეგოდ გადაწყდა, რომ ლტოლვილების პრობლემების გადაჭრის შესაძლო მიდგომებთან დაკავშირებით დაიწყოს თანათავმჯდომარეების მიერ შემუშავებული ჩანაწერების განხილვა. სოხუმი და ცხინვალი პრინციპულად წინააღმდეგი არიან ჟენევაში აღნიშნული თემის განხილვის", – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი, 47-ე რაუნდი 2019 წლის აპრილში გაიმართება.