პირველ რიგში, უნდა გავარკვიოთ, რა ფუნქციური დატვირთვა ექნება მას, თუმცა, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ვიზუალური მხარეც.
მოგეხსენებათ, ხელით შექმნილი, დახვეწილი ავეჯი ოთახში სიმყუდროვის და სიმშვიდის შეგრძნებას ბადებს. ალბათ ამან განაპირობა, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ გაზრდილია მოთხოვნა ამ ნამუშევრებზე.
ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს ირაკლი კობაურს, რომელიც ქოქოსის ქერქისგან და ბამბუკისგან ორიგინალურ და განსხვავებულ სანათებს ამზადებს. სულ ახლახან ირაკლიმ ავეჯის დამზადებაც დაიწო, მასალად კი კაკალს, წიფელს, ფიჭვს და ნეკერჩხალს იყენებს.
– რამდენად მნიშვნელოვანია ინტერიერში სწორად შერჩეული ავეჯი?
– ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, როცა ავეჯს არჩევ სახლისთვის. პირველ რიგში არჩევანს აკეთებ იმაზე, რაც მოგწონს, მაგრამ შემდეგი კითხვები, რაც გიჩნდება, არის შემდეგი: მოუხდება თუ არა კონკრეტულ ინტერიერს, რამდენად ფუნქციური და პრაქტიკული იქნება. ანუ, ერთია მოგწონდეს და მეორეა – რამდენად მოუხდება იმ ოთახს, რომლისთვისაც არჩევ ავეჯს.
– თქვენ როდის და რატომ გადაწყვიტეთ ავეჯის შექმნა, როგორ დაიწყო ყველაფერი?
– ჩვენ პირველად დავიწყეთ სანათების დამზადება, რომელიც პირველია საქართველოში და ამ ტიპის სანათებს მხოლოდ ჩვენ ვამზადებთ. ეს გახლავთ ქოქოსისგან დამზადებული სანათები, რამაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა მომხმარებელში. შემდეგ ნელ-ნელა გაგვიჩნდა სურვილი კიდევ უფრო მრავალფეროვანი პროდუქცია შეგვეთავაზებინა მომხმარებლისთვის და გადავწყვიტეთ დაგვემზადებინა მინიმალისტური ავეჯი, რომელიც იქნებოდა განსხვავებული სტილის, ისეთივე განსხვავებული, როგორიც ჩვენი სანათებია. ეს ნიშა თავიდანვე დავიჭირეთ.
– რამდენად ინტერესდება ქართველი მომხმარებელი ხის ავეჯით, როცა ბაზარზე ბევრად იაფიანი მასალით შექმნილი ავეჯი მოიპოვება?
– როგორ გითხრათ, ზოგი გვწერს, რომ უყვართ ხე და მოსწონთ, რომ ამ მასალით ვმუშაობთ. ანუ იციან ხის ავეჯის პრივილეგიები. ზოგიც გვეკითხება, დავუმზადებთ თუ არა მდფ-ით. რა თქმა უნდა, ბევრს მოსწონს, მაგრამ რადგან ძვირად ფასობს, ყველას არ აქვს მისი შეძენის საშუალება. მიუხედავად ამისა, მოთხოვნა ნამდვილად არის.
– რა უპირატესობა აქვს ხის ავეჯს და კონკრეტულად რომელი ხის მასალით ამზადებთ მაგიდებს?
– ეკოლოგიურად სუფთაა და, რა თქმა უნდა, უფრო ხარისხიანი და გამძლეა. ძირითადად ვიყენებთ კაკალს, წიფელს, ფიჭვს და ნეკერჩხალს.
– თვითონ ხის მასალებში თუა განსხვავება და რომელი უფრო ხარისხიანია?
– დიახ განსხვავდება, ყველას სხვადასხვა ვიზუალი აქვს. მაგალითად, კაკალი ყველაზე ლამაზია. ორ ფერშია – მუქი და ღია. ამავე დროს კაკალი ყველაზე ხარისხიანი და ძვირადღირებული ხეა. ფიჭვი შედარებით რბილი ხეა, თავისებური ორნამენტებით გამოირჩევა. კაკალთან შედარებით ბევრად იაფია. წიფელი და ნეკერჩხალი ვიზუალურად არ გამოირჩევა, თუმცა ფიჭვზე მყარი ნატურა აქვს. გემოვნებაზეა დამოკიდებული, ვის რომელი მოსწონს და რომელ ავეჯს რომელი ხე მოუხდება.
– ავეჯის დამზადებისას იყენებთ ქიმიურ ნივთიერებებს ან საღებავებს?
– ძირითადად ვიყენებთ ზეთს და ლაქ–საღებავებს, რომელიც დამზადებულია წყალზე და არის ეკოლოგიურად სუფთა. იმ შემთხვევაში, თუ არის შეკვეთა და სურთ ხის დაფერვა/შეღებვა, მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიყენებთ საღებავებს. ძირითადად არ ვურჩევთ ხოლმე ხის დაფერვას, რადგან მაინც კარგავს თავის ბუნებრივ სილამაზეს.
– ავეჯის გარდა ხისგან რა ნივთებს ქმნით?
– ჯერჯერობით მხოლოდ მინიმალისტურ ავეჯს ვამზადებთ, ესენია მაგიდები, თაროები, მალე დავამატებთ ტელევიზორის სადგამსაც. ამას გარდა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ვამზადებთ ქოქოსის და ბამბუკის სანათებს.
– ახალი წელი მოდის, ყველა ადამიანი ცდილობს ინტერიერში სიახლის შეტანას, ახალი ნივთების შეძენას. თქვენთან უკვე მომრავლდა შეკვეთები?
– დიახ, საახალწლოდ ყველა ემზადება. საახალწლო ფასდაკლებებს ბევრი ელოდება, ჩვენ უკვე ვთავაზობთ მომხმარებლებს საახალწლო ფასდაკლებებს თაროებსა და მაგიდებზე, რასაც საკმაოდ კარგი გამოხმაურება აქვს. ფაქტიურად ხის ავეჯს ყიდულობენ მდფ-ის ფასად და ეს ძალიან კარგი საშუალებაა, რომელსაც არ უშვებენ ხელიდან.
– ძირითადად როგორ მაგიდებს ანიჭებენ უპირატესობას, რა მოსწონთ?
– ძალიან მოსწონთ ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ. ეუცხოებათ და ეს ძალიან იზიდავს მომხმარებელს. ჯერ სულ სამი თვეა, რაც დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა და რამდენიმე მოდელი შევქმენით, რომლის რეალიზებასაც ვახდენთ. ძირითადად ჩვენი მაგიდები არის ხის და შუშის, სადა და ორნამენტებიანი. ორნამენტებიანი მაგიდის ხიბლი ის არის, რომ არც ერთი მაგიდა ერთმანეთს არ ჰგავს, ყველას ექსკლუზიური ორნამენტები აქვს და ასე იქნება სამომავლოდაც.
– მხოლოდ თქვენი დიზაინით ამზადებთ, თუ შეკვეთებსაც იღებთ?
– გვაქვს შეკვეთებიც მომხმარებლის გემოვნებით, რომელსაც ასევე წარმატებით ვართმევთ თავს. ორმაგად საპასუხისმგებლო საკითხია, როცა ზუსტად ისეთი უნდა გაუკეთო, როგორსაც გთხოვს და მოლოდინი გაამართლო. ჯერჯერობით გამოგვდის და სამომავლოდ ასორტიმენტის გაზრდაზეც ვფიქრობთ.