90-იანი წლების „სინათლე“ – „როცა კომფორტში ხარ, როგორ უნდა განვითარდე?!“

გამოწერა
პარადოქსია, მაგრამ 90-იან წლებში, როდესაც საქართველოში ეკონომიკური კრიზისი იყო, ხელოვანი ადამიანი შემოქმედებით შიმშილს არ განიცდიდა.

გამონაკლისს არც ჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობები წარმოადგენდა. რატომ ხდებოდა ასე და დღეს რა წარმოადგენს ხელოვნების ინტერესის სფეროს – ამის შესახებ მხატვართან და ხელოვნებით თერაპევტთან გოგა ჯაფარიძესთან საინტერესო საუბარი წარიმართა.

© photo: courtesy of Goga Japaridzeმუშაობის დროს
90-იანი წლების „სინათლე“ – „როცა კომფორტში ხარ, როგორ უნდა განვითარდე?!“ - Sputnik საქართველო
მუშაობის დროს

– ბატონო გოგა, ისეთი გვარი გაქვთ, „ვალდებული იყავით“, რომ ხატვა დაგეწყოთ...

– მხატვარი ნათესავი არავინ მყავს, თუ მოგვარე მხატვრებს არ გავითვალისწინებთ. მერვე კლასიდან ნიკოლაძის სასწავლებელში გადავედი. აკადემიაში რომ ჩავაბარე, 1990 წელი იყო.

– ანუ აგული ერისთავის სიტყვები გამახსენდა: ის დროა, „ხალხი რომ ბნელი იყო“? 

– იმ დროს ზოგადად სამყარო იყო ბნელი.

– საინტერესოა, როცა სამყაროში ბნელი ფერებია, რას ხატავს ხელოვანი?

– თქვენ წარმოიდგინეთ, რომ იმ სიბნელეში ძალიან შემოქმედებითი წლები გვქონდა. 

© photo: courtesy of Goga Japaridzeგოგა ჯაფარიძის შემოქმედება
90-იანი წლების „სინათლე“ – „როცა კომფორტში ხარ, როგორ უნდა განვითარდე?!“ - Sputnik საქართველო
გოგა ჯაფარიძის შემოქმედება

– იმ სიბნელეშიც იყო სინათლე?

– ნამდვილად ასეა. იმიტომ რომ ფაქტობრივად არანაირი ინფორმაცია არ არსებობდა და ზოგადად ინტელექტუალური შიმშილი იყო. ალბათ გახსოვთ, რაც მაშინ ხდებოდა. ასეთ პირობებში რამდენიმე მხატვარი ყოველ შაბათს ჩემ სახელოსნოში ვიკრიბებოდით. იქ გვიანობამდე დისკუსიები მიდიოდა, ხელოვნების ისტორიაში რაღაც თემებზე ვმსჯელობდით. იმ რთულ პერიოდში აქტიურად ვახერხებდით ჩვენი ნახატების გამოფენას, რომელიც „ქარვასლაში“ იმართებოდა. ერთი-ორჯერ საჯარო ბიბლიოთეკაშიც მოგვცეს სივრცე. ეს სისტემატურად ხდებოდა 1993 წლიდან მოყოლებული. რამდენჯერმე ქალბატონმა მედეა ძიძიგურმაც დაგვითმო ხელოვნების მუშაკთა სახლი. ეს არ იყო უბრალო ესთეტიკური გამოფენები, ისინი გარკვეულად კონცეპტუალური იყო. მაგალითად, მახსოვს, გავაკეთეთ გამოფენა, რომელსაც ერქვა „აპოკალიფსი დღეს“. მაშინდელ ჩვენ საუბრებში გამოიკვეთა, ვინ როგორ და რაში ხედავდა აპოკალიფსს და ყველამ კონცეპტუალური ტილოები შექმნა. 

© photo: courtesy of Goga Japaridzeგოგა ჯაფარიძის შემოქმედება
90-იანი წლების „სინათლე“ – „როცა კომფორტში ხარ, როგორ უნდა განვითარდე?!“ - Sputnik საქართველო
გოგა ჯაფარიძის შემოქმედება

– თავად როგორ გამოსახეთ აპოკალიფსი?

– მე მქონდა პიროვნებისა და გარკვეული ჯგუფის დაპირისპირების თემა, რომელსაც ტექსტები ახლდა. მოკლედ, ეს ალტერნატიული ხედვა იყო და არ გახლდათ დასავლური კალკით, რასაც ბევრი მხატვარი ხშირად მიმართავს. ეს ბევრი ძიებისა და კამათის შედეგად დაწურული კარგად ნაფიქრი თემები იყო. მოკლედ, მართლა ძალიან საინტერესო დრო იყო... მე ვთვლი, რომ იმ დრომ, როგორც მხატვრებს, ძალიან ბევრი რამ მოგვცა.

© photo: courtesy of Goga Japaridzeგოგა ჯაფარიძის შემოქმედება
90-იანი წლების „სინათლე“ – „როცა კომფორტში ხარ, როგორ უნდა განვითარდე?!“ - Sputnik საქართველო
გოგა ჯაფარიძის შემოქმედება

– ანუ, თუ გინდა, რომ საინტერესო ხელოვანი იყო, რთულ დროში უნდა იცხოვრო?

– ალბათ, მართლაც ასეა... როცა ძალიან დავარცხნილ დროში ცხოვრობ, განვითარების შანსი რთულია. როცა კომფორტში ხარ, როგორ უნდა განვითარდე?!

– მხატვრისთვის რა არის კომფორტი?

– აქ კომფორტზე, როგორც ფენომენზე ვსაუბრობ. რა თქმა უნდა, საღებავი და ტილო უნდა მქონდეს, რომ ვხატო. ხელოვნება და ფილოსოფია ისეთი რამეა, რომ ადამიანმა აუცილებელია რაღაც გამოსცადოს. თუ შენი გამოწვევა მარტო ისაა, რომ ბევრი ფული იშოვო, იქ სხვა უნარები ვითარდება. თუმცა ადამიანზეცაა დამოკიდებული როგორი კუთხით უყურებს ცხოვრებას და რა აინტერესებს.

– თქვენ როგორი კუთხით უყურებთ, ბატონო გოგა?

– როგორი კუთხით? არ ვიცი... მე მგონია, რომ ყველანი რაღაც დიდ თეატრში ვართ და ყველას ჩვენი როლი გვაქვს. უბრალოდ, ეს როლები ისე მარტივად არ მთავრდება, როგორც თეატრში სცენის მერე მთავრდება ხოლმე.

© photo: courtesy of Goga Japaridzeგოგა ჯაფარიძის შემოქმედება
90-იანი წლების „სინათლე“ – „როცა კომფორტში ხარ, როგორ უნდა განვითარდე?!“ - Sputnik საქართველო
გოგა ჯაფარიძის შემოქმედება

– ავანსცენაზე ყოფნა გიყვართ?

– გააჩნია ცხოვრების რიტმს. თუ იქნება ასეთი გამოწვევა, ამის არ მეშინია, თუ არადა, ჩრდილში დგომაც მიყვარს.

– თქვენ წარმატებად რას მიიჩნევთ?

– დღეს წარმატება მაინც ფულთანაა დაკავშირებული და ეს სიტყვა რაღაცნაირად გააფუჭეს. მე მგონია, მხატვრისთვის წარმატება ის არის, თუ იმაზე მეტის გაკეთებას შეძლებ, რაც შეგიძლია. ბევრი მხატვარი ან მწერალი ვიცი, რომელიც გარედან წარმატებული ჩანს, მაგრამ შიგნიდან ფუყეა. მერე ვგრძნობ, როდის გავაკეთე შინაგანად სწორი ნაბიჯი... 

© photo: courtesy of Goga Japaridzeგოგა ჯაფარიძის შემოქმედება
90-იანი წლების „სინათლე“ – „როცა კომფორტში ხარ, როგორ უნდა განვითარდე?!“ - Sputnik საქართველო
გოგა ჯაფარიძის შემოქმედება

– თქვენ მეორე პროფესიაც გაქვთ, ეს ხელოვნებით თერაპიაა...

– მე როგორც პატარა ასაკის, ასევე ზრდასრული პაციენტებიც მყავს. არიან ჰიპერაქტიული და აუტისტი ბავშვებიც. მათი უნარების მწყობრში მოყვანა ხატვის საშუალებით ხდება. აუტისტების სამყარო უჩვეულოა, ისინი არ არიან ბოლომდე მიწაზე დაშვებული და ამიტომ საოცრებებს, გენიალურ რაღაცეებს აკეთებენ. არტი წამალი არ არის, რომ ადამიანს დაალევინო და მოარჩინო. არტი ფიზიკურ სხეულს ვერ კურნავს, ის ფშვინიერის განკურნების საშუალებაა. აქედან გამომდინარე, ცდილობ არტით ისე უმკურნალო, რომ ადამიანში დარღვეული ბალანსი გააწონასწორო. ამაზე დგას მთლიანად ეს მეცნიერება თუ ხელოვნება, რადგან არტ-თერაპია მეცნიერებისა და ხელოვნების ნაზავია.

© photo: courtesy of Goga Japaridzeგოგა ჯაფარიძე არტ-თერაპიაზე
90-იანი წლების „სინათლე“ – „როცა კომფორტში ხარ, როგორ უნდა განვითარდე?!“ - Sputnik საქართველო
გოგა ჯაფარიძე არტ-თერაპიაზე

– ხელოვნების განსაზღვრა დროთა განმავლობაში იცვლებოდა...

– ჩვენ არ ვართ ისეთები, როგორებიც იყვნენ, სიტყვაზე, რენესანსის ადამიანები. ეს უკანასკნელნი (რადგან მაშინ ფოტოგრაფია არ არსებობდა) მიისწრაფოდნენ, რომ რეალობა აესახათ. დღეს ადამიანის კვლევაა საინტერესო. მე ვიკვლევ ჩემს ადგილს ცხოვრებაში, იმას, თუ მე ვინ ვარ.

– „ნოსცე ტე იპსუმ“ – „საკუთარი თავის შეცნობა“ – ამასაც ხომ სამყაროს დასაბამიდან იკვლევს ადამიანი?

– დიახ, მაგრამ პიროვნულად ვინ ვარ, ესაა საინტერესო, ძველ ბერძნებს აინტერესებდათ ის, თუ ღმერთთან რა მიმართებაში იყვნენ. დღეს ადამიანს ქვეცნობიერი პროცესები და იმის კვლევა აინტერსებს, რაც უფრო ბნელია მასში. დღეს ხელოვნების ამოცანაა – იპოვო ადამიანში ამოუცნობი და არაცნობიერი იმპულსები და ისინი საკუთარი შემოქმედებით აჩვენო...

 

ყველა ახალი ამბავი
0