თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში ადგილობრივებმა სასაფლაოზე ოქროსა და ვერცხლის მონეტებით სავსე თიხის ქოთანი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
თიხის ქოთანი, სადაც ოქროსა და ვერცხლის მონეტები ეყარა, მამაკაცებმა მაშინ იპოვეს, როდესაც გარდაცვლილის დასაკრძალად საფლავს თხრიდნენ.
მპოვნელებმა მონეტების ნაწილი ოჯახს გადასცეს, ნაწილი კი ქუთაისში, ოქროს ნივთების სავაჭრო ობიექტში თანხის სანაცვლოდ ჩააბარეს, ამასთან დაკავშირებით კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას, ანუ ნივთის ფარულად დაუფლებას გულისხმობს.
ოჯახმა თავის მხრივ ნაპოვნი მონეტები მუზეუმს აჩუქა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში ექსპერტიზის მიზნით ამოღებულია მუზეუმისთვის გადაცემული ნივთები. ყველა ნივთი ამ დროისთვის დაცულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ნივთმტკიცებებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ოთახში.
სამინისტროს ცნობით, მიმდინარეობს კონსულტაციები კულტურის სამინისტროსთან, რათა სათანადო ექსპერტიზის მეშვეობით დადგინდეს ნაპოვნი ოქროსა და ვერცხლის ნივთების დათარიღების და შეფასების საკითხი.